კახაბერ ასკურავა: ნიგვზიანის ინცინდენტი ამოწურულია!
ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში სიტუაცია განიმუხტა. ამის შესახებ "ივერიონს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ასკურავამ განუცხადა.
ასკურავას თქმით, მუსულმანურ მოსახლეობას სურს გააძლიეროს მათი რელიგია, რასაც აქ მცხოვრები ძირძველი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. "ინცინდენტიც ამის გამო წარმოიშვა, ეხლა კი სიმშვიდეა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკითხი მისი დელიკატურობიდან გამომდინარე, ცივილურად მოგვარდება. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ სრული სიმშვიდეა", - ამბობს ასკურავა.
ლანჩხუთში მომხდარ ინცინდენტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადება facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და მთავრობას მოუწოდა ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტად, შესაბამისი ზომები მიიღოს. ქვეყნის პირველი პირის განცხაებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსულმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ მიმართვაში.