თედო ჯაფარიძე: ფსევდოსახელმწიფოების გრძელ სიას ნოვოროსია დაემატა!

თედო ჯაფარიძე: ფსევდოსახელმწიფოების გრძელ სიას  ნოვოროსია დაემატა!

   ბრიუსელში არსებულმა, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე "კარნეგის ცენტრმა" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ინტერვიუები გამოაქვეყნა.  ამ ცენტრის ექსპერტი, ჯუდი დემპსი, დაინტერესდა უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკით, კერძოდ, იმით, თუ როგორი შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხზე დასავლეთის რეაქცია და რა შეიძლება მოჰყვეს ყირიმში მოსკოვის მიერ ტერმინ "ნოვოროსიის" გამოყენებას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ.


   "რუსეთი დარწმუნებულია, რომ პარალელებს გაავლებს კოსოვოსთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანალოგია ნორმატიულად და პოლიტიკურად აბსურდულია. რუსეთი ცდილობს იმ ფაქტს დაეყრდნოს, რომ ევროკავშირისა თუ ევროატლანტიკური პოლიტიკა ეფუძნება ეროვნულ და არა კოლექტიურ ფასეულობებს. რუსეთის სტრატეგია ძირითადად ორ მიმართულებას ემყარება: პირველ რიგში, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებთან სტრატეგიულ კავშირებს ავითარებს, რითაც ძირს უთხრის დასავლეთის პოლიტიკურ სიმტკიცეს; მეორე მხრივ, რუსეთი ქმნის არასახელმწიფოებრივ ერთეულებს და შერჩევითი მეთოდით, ფარულად უწყობს ხელს მათი თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელებას. გარდა ამისა, იგი ცდილობს საერთაშორისო დონეზე თავი მეზობელ რეგიონებში ერთადერთ ძალად წარმოაჩინოს. ეს არის რუსეთის მიზანი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ზემოაღნიშნული არასახელმწიფოებრივი ერთეულების არაღიარება კი მისთვის პრობლემა არ გახლავთ. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის, ქვეყნების სუვერენიტეტის, არაერთგზის აბუჩად აგდებაზე ერთადერთი მტკიცე, სტრატეგიული პასუხი დასავლეთის ერთიანი პოზიციით უნდა იყოს გამყარებული. თუ ნატო და ევროკავშირი შეძლებენ საერთაშორისო ნორმების დაცვისთვის პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაშინ მოსკოვის "ტროას ცხენი" უსარგებლო გახდება. მოკლევადიან პერსპექტივაში დასავლეთის ერთად დგომა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების ხანგრძლივი მოლოდინი."- განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: