ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალებს" სურთ, ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო!..
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს როლზე საუბრობს:
კითხვაზე,ადეკვატურად შეაფასა თუ არა საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოვლენები, ივანიშვილის პასუხობს,რო "აბსოლუტურად ნორმალურად შეფასდა ყველაფერი".
"ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის გაგრძელდეს, რაც ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, საშინელებაა, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ, ყველანი და მე პირადად მხარს ვუჭერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, უკრაინას. ვისურვებდი, სწრაფად დამყარდეს იქ მშვიდობა და უკრაინა ჩვენთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნორმალურად შეაფასეს. მე მყავს მხედველობაში პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც. თუმცა, საუბედუროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არ აძლევს ხელს. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა საქართველო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ ომში ჩართული საქართველო გვეხილა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ძალიან დაბალანსებული პოზიცია აქვს ყველა მეზობელთან.
"ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ. ამ დროს ვერც ევროპიდან და ვერ ამერიკიდან ვერ ნახავთ ვერც ერთ საყვედურს, პირიქით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი იყო ჩამოსული და მან მოგვიწოდა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობისკენ. ასე იწონებენ სხვებიც და ჩვენი პოზიცია მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რაც არ შეგვეძლო, იმას აკეთებდა ერთი კაცი. სწორედ ამიტომ დაგვემართა წარსულში ამდენი უბედურება", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.