რატომ გადმოხტა ფრანგი ადვოკატი "სკაიპიდან"?!
"მთელი დღეა "ფეისბუქში" ვკითხულობ კომენტარებს, სადაც მანანა კობახიძეს აკრიტიკებენ. მაინტერესებს, რა თქვა არასწორი და მიუღებელი მანანა კობახიძემ?" - აღნიშნულ კომენტარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:
"დღეს ვესაუბრე ფრანგ ადვოკატებს, მაინტერესებდა, როგორია პრაქტიკა... როგორ ხდება გამოხატვის თავისუფლების და ადამიანისათვის ღირსების შელახვის საკითხების ურთიერთრეგულირება, სამართლებრივი თვალსაზრისით. როცა ვუხსნიდი, რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქე, თვით "ავატარიც" კი, გაგლანძღავს უშვერი სიტყვებით, დაგაბრალებს საოცარ ტყუილს, წარმოუდგენელ სიბინძურეს, თავისუფლად შეეხება შენს მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს და, პრაქტიკულად, არ არსებობს კანონი, რომელიც იცავს ან საჯარო მოხელეს, ან საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანს (იქნება ეს ჟურნალისტი, ექსპერტი, მსახიობი თუ სპორტსმენი), ფრანგი იურისტი კინაღამ "სკაიპიდან" გადმოხტა.
მეორედ გადმოხტა, როცა ავუხსენი, რომ დაზარალებულის ყოველი მცდელობა, გააპროტესტოს ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის კონკრეტული ფაქტი, სრულდება მენტორული შეგონებებით, რომ თურმე ზიანდება გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მონაპოვარი, ანუ ერთს აქვს უფლება, პირადი შეურაცხყოფა მოგაყენოს, ხოლო მეორე - დაზარალებული თავს ვერ იცავს. "ეს, ხომ, აბსურდია",- ყვირის ფრანგი იურისტი, - "რა შუაშია გამოხატვის თავისუფლება, უმაღლესი ღირებულება ესაა ადამიანის ღირსება, თვითონ ადამიანი, მისი რეპუტაციის ხელშეუხებლობა".
მთელი დღეა "ფეისბუქში" ვკითხულობ კომენტარებს, სადაც მანანა კობახიძეს აკრიტიკებენ. მაინტერესებს, რა თქვა არასწორი და მიუღებელი მანანა კობახიძემ?
პარლამენტის წევრს, საჯარო მოხელეს, საჯარო პერსონას კი აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს პარლამენტის წევრი ადამიანი, მოქალაქე, დედა, მეუღლე, შვილი არ არის? ღირსება არა აქვს? საქართველოში მინიმუმ 20-25 წელი სჭირდება რეპუტაციის შექმნას. ამ დროს გამოდის ვიღაცა მოსყიდული თუ გაბოროტებული არაკაცი ( და, სამწუხაროდ, ძირითადად, ე.წ. კაცებმა დაკარგეს თავმოყვარეობა) და ერთ წამში დაგინგრევს 25 წლის მანძილზე წამებით, წვალებით, შრომით და თავგანწირვით მოპოვებულ რეპუტაციას. თან, თვითონ არც ერთი არ შეუძლია: არც შრომა, არც ბრძოლა, არც თავდადება. უბრალოდ, შურითაა გაჟღენთილი. ზოგიერთი კონკურენტის მიერაა მოსყიდული და ისე იფურთხება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სერიოზულ პრობლემად იქცა ადამიანებისათვის ღირსების შელახვის მანკიერი ტენდენცია. საჭიროა სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. და საჩქაროა ამისი გაკეთება. თორემ ერთ დღეს, ამ საერთო განუკითხაობის ფონზე, რომელიღაცა საჯარო პერსონას ამოეწურება მოთმინება და ღირსების დასაცავად იმ ხერხს მიმართავს, რის გამო, 20 წელს ციხეში გაატარებს. რატომ, თორემ კი..." - წერს ინაშვილი.