წადით, ქალბატონო მინისტრო, წადით... და სანამ ჯერ კიდევ დროა, თავს უშველეთ!
ღია წერილი საქართველოს განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს
მთელი განათლების სისტემა - პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები გაოგნებული არიან თქვენი ე.წ. საგანმანათლებლო პოლიტიკით. ამას რას აკეთებთ? დაფიქრებულხართ, რომ სრული ქაოსისკენ მიექანებით თქვენ და იქით მიგყავთ განათლების სისტემაც? უგუნურებით თუ მოგდით ეს, მაშინ შეისმინეთ გონიერთა შეგონება და თუ შეგნებულად აკეთებთ, მაშინ გეშინოდეთ ხალხისა და ღმერთისა!
ეს რა სპექტაკლი გამართეთ ჯერ დირექტორების შერჩევასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ადვილად მოახერხეთ პრემიერის დაჯერება ტყუილებსა და დემაგოგიაში? ასეთი უსაზღვრო სიცრუე, საბჭოურ ეპოქაშიც არ უკადრებიათ!
თქვენ არნახული დიქტატის დამყარებას ცდილობთ სკოლებში. როგორც გინდათ, ისე „ჭრით და კერავთ“ ნორმატიულ აქტებს, წარამარა ცვლით მათ, ოღონდაც კი სასკოლო სისტემის უნიტარიზაციას მიაღწიოთ!
სწორედ ამას ემსახურებოდა უკვე სერთიფიცირებული დირექტორების მეორე ე.წ. გასაუბრების ფარსის დადგმა. თქვენც ხომ კარგად იცით, როგორი დარღვევით წარიმართა მათი შესარჩევი კონკურსის ეტაპები. ესეც არ იკმარეთ და რომ ვერ მიიღეთ სასურველი კანდიდატების კორპუსი, შემდეგ მოიგონეთ დრაკონული ბრძანება და სასწრაფოდ დაავალდებულეთ კანდიდატები - სკოლების განვითარების შესახებ ე.წ. სტრატეგიული გეგმა წარმოედგენათ. აი, აქ სერიოზულ ნეპოტიზმში გაიხლართეთ. ჩაწყობების ბუმი დაატრიელეთ... სხვა რამეს არც ველოდით...
აბა, განათლების განვითარების სტრატეგია ოფიციალურად თავად თქვენ უწყებას არ აქვს წარმოდგენილი და რაც სამინისტროში არ იციან, იმას ქვემდგომებს როგორ ეკითხებით?! თქვენს გამოსვლებსაც კარგად ეტყობა, რომ თავად თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ არანაირ არც გრძელ და არც მოკლე ვადიან სტრატეგიაზე!...
რაში გჭირდებათ ცენტრალიზაციის ასეთი მაღალი დონე? რად გინდათ ყურმოჭრილ მონად გადაქცეული დირექტორები? იმისთვის, რომ სკოლებში პედაგოგების აბსოლუტური მორჩილება უზრუნველყოთ?
შაშკინის მინისტრობის დროს სწორედ ამის მცდელობა გახლდათ წინა ხელისუფლების დასამარების ერთ-ერთი მიზეზი და იქნებ გაგეთვალისწინებინათ ეს გამოცდილება?! თუ, პირიქით, ისევ ნაცეპოქას მისტირით? თქვენ ხომ მათ დროს აღორძინებული საუნივერსიტეტო დაწესებულებიდან გადმობარგდით ახლანდელ უწყებაში? იქნებ ტრმპლინს უმზადებთ ნაცრევანშიტებს მათ დროს აქტიური და პოლიტიკურად ანაგაჟირებული და ავანტიურისტი დირექტორების ისევ სკოლის დირექტორებად დატოვებით?!
რატომ არ დააბრუნებინეთ შაშკინის მითითებით გათავისუფლებული მასწავლებლები? იქნებ იმიტომ, რომ შეგეშინდათ, მათ კვლავ არ ეაქტიურათ?!
თქვენ ერთხელაც არ შეხვდით აქტიურ, კრიტიკულად განწყობილ პედაგოგებს, სამაგიეროდ, თქვენი მითითებით თქვენთვის „სანდო“ სკოლებს დაავალეს „სანდო“ პედაგოგთა გაგზავნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც პრემიერი ესწრებოდა. „სანდოებმა“ (მომიტევონ ზოგიერთმა პედაგოგებმა, რომლებსაც ეს არ ეხება) კი ერთი კრიტიკული შეკითხვაც არ დასვეს. ამგვარმა ბრეჟნევისეულმა დადგმამ ბედნიერება მოგანიჭათ?! ყველაფერმა კარგად ჩაიარა რომ პრემიერი სიცრუეებში დაარწმუნეთ?! ნამდვილად ასე იყო: მქუხარე აპლოდესმენტების ფონზე, გაბადრული სახე გქონდათ - საზეიმო იერი. ისე, აქვე ჩავურთავ: იერსახეს ვერც ვერასდროს დაგიწუნებთ კაცი. გულწრფელად გეუბნებით: ერთადერთი, რაც მომწონს და რაზეც კომპლიმენტისგან თავს ვერ შევიკავებ, ეს სწორედ იერ-სახე და გარეგნობაა. არ ვიცი ბუნებრივად თუ აბსოლუტურად უზრუნველყოფილი კომფორტის ფონზე, მაგრამ უდაოდ მშვენივრად გამოიყურებით!
ახლა ისევ კონფერენციის თემას დავუბრუნდები - კი, ნამდვილად მიაღწიეთ მიზანს და მოახერხეთ პრემიერის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა და საქმე კარგად მიდის; რომ პედაგოგები კმაყოფილნი არიან სააკაშვილის მთავრობის დროს რამდენჯერმე და ახლანდელი მთავრობის დროს ერთჯერ მომატებული ხელფასებით; შაშკინის დროს ინიცირებული პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვით და პროფესიული ზრდის შესბამისად ხელფასის ეტაპობრივი (ღმერთმა უწყის რამდენით) ზრდის იმედით; თქვენ იმაშიც დაარწმუნეთ პრემიერი, რომ საქართველოს მასწავლებელთა უმრავლესობას ის ანაზღაურებაც არ ეკუთვნის, რაც აქვთ... გასაგებია, ერთი პრობლემა ისაა, პრემიერი ასე ადვილად თუ იჯერებს ყველაფერს, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ბატონ ირაკლის ასე თუ ისე სხვა ინფორმაციაც ექნება და რომ ბოლოს და ბოლოს მოგვისმენს სისტემაზე და ქვეყნის მომავალზე გულშემატკივარ პედაგოგებს. მაგრამ თქვენ, თქვენი „პატაკით“ ბედნიერი ხართ?!
ნუთუ, მართლა გჯერათ, რომ კონფერენციაზე უხმოდ მსხდომი პედაგოგები კმაყოფილებით იყვნენ ავსილნი და სიტყვებს ვერ პოულობდნენ შინაგანი სიხარულის გამოსახატავად?
შეიძლება ვერავინ გაბედა სიმართლე ეთქვა, მაგრამ თქვენთვის ყველაზე „სანდოებიდანაც“ კი, როგორც კენ კიზი იტყოდა - „ყველა, როგორც ერთი, იმავეს ფიქრობს, იმავეს განიცდის სადღაც, საკუთარი დამფრთხალი, პაწია სულის ფსკერზე“ (კიზი შემთხვევით არ გამახსენდა, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში მის რეჩედს მაგონებთ).
ერთხელ მე მკითხეთ - სიზმარში ხომ არ ხართო, ახლა მე დაგიბრუნებთ იგივე შეკითხვას... დაფიქრდით, გაუსწორეთ თვალი რეალობას. გასაგებია, რომ მინისტრად კი არა, მოწაფედაც ვერ ივარგეთ! ამდენ ხანში განათლების სისტემა ვერ შეისწავლეთ, ამას ადასტურებს თქვენი ყოველი გამოსვლა, ყოველი წინადადება. მაგრამ რეალობის შეგრძნებაც ნუთუ ასე ძნელია თქვენთვის?
თქვენ შეგეძლოთ გებრძოლათ პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ეს დიდ ცოდნას არ მოითხოვდა - სანაცვლოდ ჩვენი სამაგალითო ხელმძღვანელი იქნებოდით; თქვენ შეგეძლოთ მოგესმინათ პედაგოგებისთვის თქვენივე ნებით. განა რამხელაა საქართველო, რომ იმ ადამიანებს შეხვედროდით და მათი ხედვა გაგეზიარებინათ, ვისი მინისტრიც ხართ? თუ თქვენ ვერ მოიფიქრეთ პედაგოგებმა და მათ შორის მე რამდენჯერ გირჩიეთ? მაგრამ არა.. ეგღა გაკლდათ, ამხელა მინისტრი ქალი პედაგოგებამდე დადაბლებულიყავით... ეგღა გაკლდათ ჩემს „ახირებებს“ აყოლოდით. სწორედ ამიტომ, „ეგღა მაკლია“-ს პრინციპით, ანუ „მაღალი სავარძლის“ ეფექტით გაბრუებული, იმთავითვე მოწყდით რეალობას და ზღვარგადასული უკუდო ამპარტავნობის ჭაობში ამოყავით თავი. სამაგიეროდ, მაშინ „დადაბლდით“, როდესაც ჩემი დევნა პირადად დაიწყეთ: ერთი წლის განმავლობაში ჩემს სამუშაო 116-ე საჯარო სკოლაში თ,ქვენი გამოგზავნილი „სადამსჯელო ექსპედიცია“ დილიდან საღამომდე უკირკიტებდა ჩემს სამსახურებრივ დოკუმენტაციას; მრისხანებამ ისე დაგაბრმავათ, რომ არც დაფიქრდით შედეგებზე და პედაგოგობიდან ჩემი ჩამოშორება გადაწყვიტეთ. თქვენი დავალებით არაერთხელ ურჩიეს სკოლის დირექტორს გავეგდე სამსახურიდან. კანონიერი გზით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ვერც კოლეგებში, ვერც მოსწავლეებში ვერ მოიძებნა თქვენთვის „დასყრდენი“, ვერ მომინელეთ, დღემდე ფარ-ხმალს არ ყრით: ამჟამად მოქმედი დირექტორი დირექტორობის კანდიდატად არ წარადგინეთ, იმ იმედით, რომ თქვენგან დავერბოვკებული ახალი დირექტორი მაინც გამაგდებდა. ეს ყველამ იცის. დიდმაც და პატარამაც და სწორედ ასეთმა ბინძურმა თამაშმა საბოლოოდ გაგიტეხათ სახელი და რეპუტაცია.
ხედავთ რა ვიწროა თქვენი მენეჯერული დოქტრინის საზღვრები? ჩემნაირებში გგონიათ პრობლემის არსი? როგორც სტალინი იტყოდა: არ არსებობენ ადამიანები, არ არსებობს პრობლემა? ამ დევიზით ხელმძღვანელობთ, ხო? ის დრო არაა, თორემ, ალბათ, მოხსნას არ მაკმარებდით, ელექტრო სკამზე შემაერთებდით, ან სხვაგვარი წამების მეთოდსაც მოიგონებდით! წამების და დახვრეტის დრო არაა, თუმცა თქვენი უწყება იმაში ფლანგავს ძვირფას დროს, რომ დეზინფორმაციები შეთხზას და საამისოდ ე.წ. პროფკავშირულ ორგანიზაციებს იყენებს, აქაოდა, პედაგოგები მათ გავრცელებულ ჭორებს უფრო ირწმუნებენო. ესეც რა გულუბრყვილო თამაშია: განა ჩემი სახელის ლაფში ამოსვრით დაშოშმინდებიან პედაგოგები და განა ეს გზა მიანიჭებს მათ უბადრუკ ხელფასს მსყიდველობითუნარს?! ნეტავ კი ასე ყოფილიყო!
თქვენ გგონიათ, გგონიათ კი არადა, ლამის ოფიციალურადაც აცხადებთ, რომ ათიათასობით მასწავლებლიდან ყველა დაბალი კვალიფიკაციისაა. აკი, მეც მითხარით ერთ-ერთ თქვენთვის ავადსახსენებელ შეხვედრაზე, რომ ჯერ პროფესიონალები გახდით და ხელფასი მერე მოითხოვეთო!
იქნებ მითხრათ, თქვენ რომელ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას ეყრდნობოდით, როდესაც მინისტრობას დათანხმდით? სიცრუესა და ნეპოტიზმში გაწაფულობის გარდა, რა იცოდით განათლებაზე?
საქართველოს მასწავლებელთა პროფესიონალიზმისთვის 300 ლარიანი ხელფასით შეფასებაც ზედმეტად მიგაჩნიათ და თქვენი და თქვენი უწყების თანამშრომლებისთვის 5-10 ათას ლარიანი ხელფასები და ყოველ სეზონზე ათიათასობით ლარის პრემიებიც გეცოტავებათ? როდესაც იმას გეკითხებიან, 150 ათას დოლარიანი მანქანა რატომ გემსახურებათო, გაზეპირებული პასუხი მზად გაქვთ: აბა, მინისტრი ურმით ხომ არ ივლისო? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი და მათ შორის პედაგოგი ავტობუსითაც რომ ვერ დადის?!
რაღა თქმა უნდა - არ გიფიქრიათ, არც გენაღვლებათ, არც გაინტერესებთ!
აი, ასეა: თქვენი მინისტრობის პერიოდში, მთელი ენერგია განათლებას კი არა, ინტრიგნულ პოლიტიკას და უპირობო დიქტატის, უზურპაციის დამყარების მცდელობას მოახმარეთ, საბედნიეროდ, არ გამოგდით და სულ მალე კრახიც გარდაუვალი იქნება!
მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს, მინისტრო სანიკიძევ და ზღვარგადასულობის მიუხედავად მე მაინც მებრალებით. მებრალებით, იმას რომ ფიქრობთ, სანამ პრემიერი გამაგდებს, არსადაც არ წავალო. ნუ დაელოდებით ამ მომენტს. ნურც ბუნებით სიყვარულის მატარებელი პედაგოგების მოთმინებას ცდით. ნუთუ არაფერს ნიშნავს, რომ სოციალური მედია თქვენი ლანძღვა-გინებითაა გადავსებული? ნუთუ არაფერს ნიშნავს დუმილის მიუხედავად პედაგოგთა აბსოლუტურ უმრავლესობას თქვენი ხსენებაც რომ არ უნდა? ჰოდა, ჩემს წინააღმდეგ ახალ სადამსჯელო ღონისძიებას ნუკი მოიფიქრებთ, ან ვინმე ფსევდოპედაგოგს ნუკი გამოჩიჩქნით თქვენთვის გუნდრუკის საკმევად და ჩემთვის „ანათემის„ გამოსაცხადებლად. არა, ეს აღარ გაამართლებს, ეს აღარ გიშველით და სანამ ყველაფერი უსაშველოობაში გადაზრდილა, წადით! დამიჯერეთ, წადით!
დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი,
116-ეს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი