რატომ მოგვაწოდა "სოკარმა" ზამთარში უხარისხო გაზი მაღალ ფასად?

რატომ მოგვაწოდა "სოკარმა" ზამთარში უხარისხო გაზი მაღალ ფასად?

წინა მთავრობის დროს შექმნილი მონოპოლიები ახლაც აგრძელებს არსებობას. ამჯერად საუბარია "სოკარ გაზზე", რომელმაც თითქმის მთლიანად საქართველოს გაზგასამართი სადგურები აითვისა. ის, ფაქტობრივად, ენერგეტიკის ბაზრის მონოპოლისტად იქცა. თბილისში "ყაზტრანსგაზისა" და თელავში "ვისოლის"  გარდა მთელ საქართველოს "სოკარის" გაზგასამართი სადგურები ემსახურება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიებიც გაზს "სოკარისგან" ყიდულობენ.


აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" ხელმძღვანელი რომან აბდულაევი ადასტურებს ინფორმაციას, რომ "სოკარმა" საქართველოში გაზგამანაწილებელი კომპანია "იტერა საქართველო" იყიდა.


2009 წელს საქართველოს მთავრობამ "სოკარს" ქვეყნის ტერიტორიაზე 30 გაზგამანაწილებელი კომპანია გადასცა, რაშიც მან მხოლოდ 10 მილიონი დოლარი გადაიხადა. საქართველოს მთავრობის კეთილგანწყობას ადასტურებს "სოკარის" საიტზე გამოქვეყვებული გენერალური დირექტორის მადლობა: "კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი დასტურია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, რომლის თანახმად ქვეყნის 29 რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი "სოკარის" მმართველობაში გადმოვიდა".


დღეს საქართველოში "სოკარი" მოიცავს თითქმის ყველა ენერგეტიკულ სფეროს. მაშინ, როდესაც 2009 წლამდე საქართველოს აქტიური მცდელობის მიუხედავად, "სოკარი" საქართველოსთან არ აფორმებდა ხელშეკრულებას. ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდებას საფრთხე შეექმნა, საქართველოს ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა, რის შედეგადაც ჩვენ აზერბაიჯანულ კომპანია "სოკართან" 5-წლიანი კონტრაქტი მივიღეთ.


გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, მოცემული პერიოდისთვის "სოკარი" განკარგავს "შაჰ-დენიზის" გაზსადენიდან საქართველოსთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს, რუსეთისგან სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის მიღებულ ბუნებრივ აირს. გარდა ამისა, "სოკარი" სრულად აკონტროლებს საქართველოს ნავთობის ბიზნესს, აზერბაიჯანიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის ექსკლუზიურ უფლებასაც მხოლოდ "სოკარი" ფლობს. ასევე "სოკარის" მფლობელობაშია "ყულევის" ნავთობტერმინალი.


ამ საკითხთან დაკავშირებით, "ივერიონთან" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია საუბრობს.


"მას შემდეგ, რაც "სოკარმა" "იტერა საქართველოს" აქციები იყიდა, მან ბაზარზე მონოპოლისტის ადგილი მოიპოვა. "იტერა საქართველოს" აქციების გაყიდვა არ იყო მოულოდნელი, რადგან მას ქვეყანაშიც და ორგანიზაციაშიც პრობლემები აქვს. "სოკარის" მონოპოლისტობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველია", _ აცხადებს ემზარ ჯგერენაია.


ექსპერტების განმარტებით,  უნდა გადაიხედოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "სოკარს" ასეთი დიდი უფლებები მიენიჭა.


უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძირითადად, "სოკარისთვის" მოხდა გაზის არსებული ტარიფის დერეგულირება.  "მანამდე სემეკი განსაზღვრავდა ბუნებრივი აირის ზღვრულ ტარიფს. ხელისუფლებამ რეგიონებში დაიწყო პროექტი "გაზი ყველა სოფელში", რომელსაც ძირითადად, "სოკარი" ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, "სოკარმა" დაიწყო გაზგამანაწილებელი სადგურების მშენებლობა, და სწორედ ამიტომ მოითხოვა ტარიფების გაზრდა", - ამბობს ექსპერტი.


ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ბრძანებით, კანონი ნაწილობრივ დარეგულირებულად გამოცხადდა და "სოკარს" საშუალება მიეცა ახალი აბონენტებისთვის ტარიფი 51 თეთრიდან 59 თეთრამდე გაეზარდა.


ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება გაზის ტარიფის შემცირება იყო, მაგრამ  ჩნდება კითხვა: რამდენად მოხერხდება ეს ბაზარზე "სოკარის" მონოპოლიის პირობებში?


"საქართველოში მხოლოდ რამდენიმე რაიონში დარჩა "ვისოლი", მთლიანი ბაზარი ათვისებული აქვს "სოკარს". ჩემი აზრით, სანამ ახალი მთავრობა "სოკართან" ხელშეკრულებას გააფორმებს, ბევრი რამე არის გამოსაძიებელი. ჩემთვის არსებობს ორი მთავრი პრობლემა: ბუნებრივი აირის ხარისხი და ფასი. უნდა დაიწყოს იმის გამოძიება, რატომ მოაწოდა "სოკარმა" წინა წლის ზამთარში საქართველოს დაბალი ხარისხის გაზი ორმაგ ფასად", _ განცხადა ემზარ ჯგერენაიამ.


"სოკარ გაზის" ბაზარზე მონოპოლიასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინსიტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ ბაზარს შეისწავლიან და ენერგეტიკის სფეროში მონოპოლიას აღარ დაუშვებენ.


ირმა ჭარაქაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: