პოლიტიკური „ქვის ხანა“ ჩხოროწყუში და ადგილობრივი მაფიოზების მიერ დაჩმორებული „ქართული ოცნება“!

პოლიტიკური „ქვის ხანა“ ჩხოროწყუში და ადგილობრივი მაფიოზების მიერ დაჩმორებული „ქართული ოცნება“!

ჩხოროწყუს საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელსაც ქართული მედიასაშუალებები ამ ბოლო დღეებში ყველა ბრუნვაში ატრიალებდნენ, საზოგადოებაში დაბნეულობა და იმედგაცრუება გამოიწვია.

მაინც რა ხდება სინამდვილეში და რატომ დააჩმორეს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) „ქართული ოცნება“, „ივერიონი“ ჩხოროწყუს საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ანზორ სიჭინავას ესაუბრა.

 


- ბატონო ანზორ, რა ხდება ჩხოროწყუში, პოლიტიკური მეორედ მოსვლა ხომ არ დაიწყო?

- წინასაარჩევნო პერიოდში ჩხოროწყუში კოალიცია ,,ქართული ოცნება“ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოჩნდა: მმართველი პარტია, ფაქტობრივად, ოპოზიციაში იყო. მის წინააღმდეგ მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, სოფლის რწმუნებულების აპარატი (ზოგიერთის გარდა), ამ ბრძოლაში განსაკუთრებით სისასტიკით გამოირჩეოდა ადგილობრივი პოლიცია. ყველა ეს ძალა კოორდინირებულად მოქმედებდა ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ, შესაბამისად, ,,ქართული ოცნების“ კანდიდატების საწინააღმდეგოდ.

,,საინიციატივო“ ჯგუფი, რომელიც თავს ,,ქართულ ოცნებად“ ასაღებდა და მოსახლეობას ნამდვილი ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განაწყობდა,  ,,ნაციონალურ მოძრაობასა“  თუ  სხვა პარტიებს გაურიგდა და მხარი ,,ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიას დაუჭირა, სანაცვლოდ მათგან მაჟორიტარული ხმები მიიღეს, რაც ოქმებითაც დადასტურდა.

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ედგა შსს-ს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელიც დღემდე უხეშად ერევა ჩხოროწყუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

- იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ ლევან იზორიას?

- ,,ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების მიერ წაქეზებული  ,,აქტივისტები“ უღირსად შლიდნენ ჩვენს აქციებს, შეურაცხყოფდნენ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თბილისიდან ჩამოსულ პარლამენტის წევრებს, მათ შორის,  თინა ხიდაშელს, ვახტანგ ხმალაძეს, ბიძინა გუჯაბიძეს. ,,ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბში  თანამოაზრეებთან ერთად შემოიჭრა და შტაბის უფოსს დანით ყელის გამოჭრით დაემუქრა ლევან იზორიას ბიძაშვილი.

- ამით რისი თქმა გსურთ,  რომ ჩხოროწყუ თბილისს  არ ემორჩილება?!

- არჩევნებაბდე კახი კალაძე შეგვხვდა. მეორე დღეს ბესიკ ესებუამ, რომელიც ჩხოროწყუს ძველი საკრებულოს თავმჯდომარეა, ,,საინიციატივო ჯგუფის“ მიერ მოწვეულ კრებაზე დაგმო თბილისიდან ,,თითის ქნევა“ და ჩხოროწყუელებს ღიად მოუწოდა დაპირისპირებოდნენ ,,ქართულ ოცნებას“. ამ შეხვედრას ესწრებოდა და მხარსაც უჭერდა კოალიციის გამგებლობის კანდიდატი დავით გოგუა.

- რატომ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ესებუა, რომელიც არ არის „ქართული ოცნების“ წევრი და არა კოალიციის მიერ წარდგენილი კადრი კობა ჯიქია?

- ჩხოროწყუში აირჩა საკრებულო, რომელშიც ,,ნაცმოძრაობამ“ მიიღო 6 მანდატი, ,,საინიციატივო ჯგუფმა“ – 8 (მათ შორის 2 აქტიური ,,ნაციონალია“), ,,ქართულმა ოცნებამ“ – 12, თითო-თითო - ბურჯანაძემ და ,,პატრიოტულმა ალიანსმა“.

კოალიციას ჰყავდა თავისი კანდიდატი, კობა ჯიქია,  მაგრამ საკრებულოს სხდომის წინა დღეს კოალიციის სახელით რეკომენდაცია კოალიციასთან დაპირისპირებული ,,საინიციატივო ჯგუფის“  წარმომადგენელს ბესიკ ესებუას გაეწია. მას ხმა მისცა ,,ნაცმოძრაობამ“,  ბურჯანაძის წარმომადგენელმა და ,,პატრიოტულმა ალიანსმა“.  კოალიციის წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. ამ გადაწყვეტილებით ჩხოროწყუ ერთადერთია საქართველოში.

- თუ შეგიძლიათ,  დაასახელოთ ის ადამიანები, ვისი  კომპეტენტურობაც გეეჭვებათ და რომლებსაც ,,ნაცმოძრაობის“  წევრებად მიიჩნევთ?

- ასე მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ,,საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით გოგუას კანდიდატურა, ადრე ნასამართლევი დაზმირ დარსალია; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ,,საინიციატივო ჯგუფის“,  წარმომადგენელი, ხობის ტექნიკუმდამთავრებული აბელ თოდუა; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარე, შსს-ს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ბიძა ვალერიან იზორია; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, სოხუმის ტექნიკუმდამთავრებული მშენებელი ბონდო ჭეჟია; სოციალური კომისიის თავმჯდომარე ქვედა ჩხოროწყუს ყოფილი რწმუნებული, აქტიური „ნაციონალი“ გიორგი ახალაია; საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, 2014 წლამდე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ლიდერი ზურაბ ჯიქია. გაგრძელება კიდევ შეიძლება...

დღეს, როცა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო და ,,ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის ლიდერებს ასამართლებენ, ჩხოროწყუში ,,ნაციონალების“ ,,მეორედ მოსვლაა“!

- არადა, წესით და კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკური სადავები თქვენ უნდა აგეღოთ.

- არჩევნების შემდეგ უარესი დღე დაგვაყარეს. დაიწყეს ჩვენი დევნა-შევიწროება -იმათი მასობრივი დათხოვნები, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს. ასეთია საკრებულოს კონსულტანტი ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებში ავთანდილ სიჭინავა; გაათავისუფლეს ერთ-ერთი სამსახუროს უფროსი რომანოზ სიჭინავაც, რომელიც  ,,ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი გახლდათ, ხოლო მის ადგილას ,,ნაციონალების“ ძველი კადრი დააბრუნეს;  სამსახურიდან დაითხოვეს ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ადამია, რომლის გათავისუფლებასაც გამგებელმა აუღელვებლად მოაწერა ხელი.

ასე აშინებენ  სამსახურებში მომუშავე თითო-ოროლა კადრს, ვინც ჩვენი მხარდამჭერია.

- მოსახლეობა როგორაა განწყობილი ასეთი თავაშვებული პოლიტიკის მიმართ?

- თავისუფლება, სამართლიანობა, ზნეობა, წესიერება, პრინციპულობა და სახელმწიფოებრიობა ჩხოროწყუში, ფაქტობრივად, არ არსებობს მის ხელში.

საკრებულოს წევრები ახალგაზრდებს  (მათ შორის ,მოსწავლეებს), აიძულებენ იარონ სოფელ-სოფელ და მოსახლეობის დეზინფორმირების გზით მოაგროვონ  ხელმოწერები ,,ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ!

„ივერიონისგან“: ბატონი ანზორ სიჭინავა საკმაოდ შემაშფოთებელ ბრალდებებს უყენებს ჩხოროწყუს დღევანდელ საკრებულოს და მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ დავით გოგუას - საკრებულოს ბრმა მორჩილებაში და ნეპოტიზმში ადანაშაულებს!

თავისუფალი პრესის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ მეორე მხარესაც დავუკავშირდებით და თავის მართლების (რა თქმა უნდა, თუ სათანადო არგუმენტი მოეპოვებათ!) საშუალებას მივცემთ.

ბუნებრივია, აღნიშნულ დაპირისპირებაში სიცხადის შეტანა მოუწევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსაც, რომელმაც საკუთარი გუნდის წევრები ადგილობრივი მაფიოზების საჯიჯგნად მიაგდო.

დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.

                                                ესაუბრა ია მეგრელიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: