თემურ შაშიაშვილი: გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია!

თემურ შაშიაშვილი: გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია!

,,ივერიონს“ ესაუბრა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.


- ბატონო თემურ, როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ახალი რეალობისათვის“ 15 სექტემბერს ქუთაისის პარლამენტიდან დაიწყო აქცია ,,პარლამენტიდან პარლამენტამდე“ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. ხვალ, 5 საათზე, მთავრობის სასახლის წინ, იგეგმება ფართომასშტაბიანი შეკრება. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას,  მოჰყვება თუ არა მას საზოგადოების მხარდაჭერა და გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს?


-მე ვიცი ამ აქციის შესახებ, ისიც ვიცი, რომ მასში ჩართულნი არიან საინტერესო ადამიანები.  მთავარია, რომ ეს არის საზოგადოებრივი ძალის მიერ ორგანიზებული აქცია. დროა, ხელისუფლებამ  აღიაროს  ხალხის  ძალაუფლება.


უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო  წაართვეს ხალხს. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ პარტიები დაჰყო თავისიანებად და სხვისიანებად, ანუ ,,დაახარისხა“, ქართულ  პოლიტპარტიებს შორის არ არის თანამშრომლობა. აქ გასაკვირი თითქოს არაფერია, ერთი შეხედვით, ყოველთვის ასედაც იყო, მაგრამ ივანიშვილმა, ჩემ  მიერ ზემოთ აღნიშნული მოქმედებით, საქართველოს  პარლამენტი ხელში გარე ძალებს ჩაუგდო. აშკარაა და სახიფათოც , რომ პარტიებს შორის ქვეყნის საკეთილდღეოდ თანამშრომლობა არ არის,  ყველა პოლიტიკური  პარტია იბრძვის თავისთვის და ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ,  პარლამენტი იმართება გარე ძალების მიერ!


უკანასკნელ პერიოდში 10 000- ზე მეტ  ადამიანს  შევხვდით და ვნახეთ, რომ მათი მდგომარეობა კატასტროფულია - 80%-ზე  მეტი ფიქრობს, რომ ,,ქართული ოცნების“ დაპირება არ შესრულდა. ხალხში დეპრესიაა, შეწუხებული არიან,  გამოსავალი ასეთ  დროს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის,  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.


მართალია, ღარიბაშვილი სწორად აფასებს პარლამენტში მოკალათებულ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მათ წინააღმდეგ მოქმედება ნულია.


წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტის დამტკიცების დროს მიდის პარლამენტში და ,,ნაციონალებს“ ეუბნება, არ გთვლით პარტიადო, არადა ისინი პარლამენტის  თითქმის ნახევარია. თუ ასეა და პარლამენტი  ბანდიტურია, მაშინ ასეთი პარლამენტი როგორ მივა არჩევნებამდე?!


ისიც ხომ ტრაგედიაა, რომ ქვეყანაში ორი  პარლამენტია და ხალხიც გაორებულია! საოცრად მძიმე მდგომარეოობაა.


ხელისუფლებას არ აძლევს ხელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან იციან, რა პროცენტებსაც მიიღებენ, მაგრამ მათ რა უნდათ, ის კი არ არის  მთავარი, არამედ ხალხს რა უნდა!


საკამათო არ არის, რომ 2 წლის შემდეგ ,,ნაციონალების“ რეიტინგი 10%-ზე , ,,ქართული ოცნების“ – 20% დაბალი იქნება.


მე პოზიტიურად ვუყურებ იმას, რაც საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ახალი რეალობისათვის“  დაიწყო.  ეს მართლაც რეალობაა! ეს საქართველოსთვის კარგია, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს.


-პერმანენტული აქციები შეუწყობს თუ არა ხელს ქვეყანაში სიტუაციის არევას?


-მეტი რა არევს ხალხს და ამ ქვეყანას!  ხალხი ისედაც  გაორებულია, დაბნეულია, მოტყუებულია.


-თუ ბიძინა ივანიშვილი  დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება?


-ბატონი ბიძინა  პოლიტიკიდან არც წასულა!


-ქართული ტელევიზიები ნაკლებად აშუქებენ საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ახალი რეალობისათვის“ მიერ წამოწყებულ აქციებს. რაშია საქმე?


-,,ნაციონალებს“  არ აწყობთ და ამიტომ - ტელევიზიები ჯერ კიდევ მათ უსმენენ. ,,ნაციონალებს“ კიდევ 2 წლით  სურთ პარლამენტში დარჩენა.


 საქართველოსთვის ტრაგედიაა ,,რუსთავი 2“. ესაა ქვეყნის გარედან მართული, ,,ნაციონალური“  ხროვის მოსამსახურე ტელევიზია. ბატონმა ბიძინამ თქვა და ვეთანხმები, რომ დანარჩენებიც მის თამაშს მიჰყვებიან.

                                                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: