შალვა ხაჭაპურიძე: "რუსთავი 2" 90-იან წლებშია ჩარჩენილი!
"კვესიტაძის გადაცემას რაც შეეხება, არ ვიცი, ხელისუფლება რატომ არ სცემს პასუხს, მაგრამ მე გამცნობთ ამ ფაქტის რეალობას. ყველა ის პირი, რომელიც კვესიტაძის გადაცემაში ნაჩვენები იყო და დამატებით კიდევ 60 პირი, ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, არათუ მიცემულ იქნა პასუხისგებაში, გასამართლდნენ კიდეც და მიესაჯათ 6-9 წლამდე პატიმრობა", - აღნიშნულ განცხადებას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე Facebook- ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:
"ეს ჩანაწერები საქმის მასალებიდანაა გატანილი, მასალები ჰქონდა პროკურატურას, სასამართლოს და ადვოკატებს, რომლებიც მრავლად იყვნენ ამ საქმეში, მათ შორის რამდენიმე ადვოკატი, რომლებიც იცავენ ნაციონალების მაღალჩინოსნებს. ასე რომ, ხსენებულ ფაქტზე სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება და 60-მდე პირს საპატიმრო სასჯელები შეეფარდათ. ამჟამად ხსენებული საქმეების ნაწილი სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებშია. ამ საქმის განხილვა შარშან ზაფხულში მიმდინარეობდა, პროცესებს ესწრებოდა "რუსთავი 2" და ახლა რა სიახლე აღმოაჩინეს? ან, ტენდენციურები თუ არ არიან, რატომ ისიც არ თქვეს, რომ უმკაცრესი სასჯელები შეეფარდათ ხსენებულ პირებს, მაგრამ არ უნდათ სიმართლის თქმა, მთავარია, საზოგადოება დაზაფრონ და ბიძინას დაბრალდეს, ამ დროს ბატონი ბიძინა კრიმინალებთან შეურიგებელი მებრძოლია და ეს ყველამ კარგად იცის. თუ ჟურნალისტებს დამატებითი დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ, დამიკავშირდით 597-89-89-18.
და კიდევ ერთი, პროკურატურა ამ საქმეში საპროცესო შეთანხმებაზეც არ წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პატიმარი განსაკუთრებით მძიმე და განუკურნებელი სენით იყო დაავადებული. თუმცა, "რუსთავი 2"-ს ეს არ აინტერესებს, მათი განვითარება ვერ ხდება და 90-იან წლებში არიან ჩარჩენილები... სამწუხაროდ", - წერს ხაჭაპურიძე.