სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას ეფექტური ზომების მიიღებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი სურბ-მინასის ტაძრის დაზიანებას ეხმიანება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. "სადავო" ეკლესიის საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს.
"2014 წლის 19 სექტემბერს თბილისში მე-18 საუკუნის მიწურულს აგებული სურბ-მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა N13-ში მდებარეობს.
სახალხო დამცველი წლებია, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. "სადავო" ეკლესიის საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებდა მთავრობას, ყველაფერი ეღონა, რათა ძეგლები არ დაზიანებულიყო და მათზე კონსერვაცია/რესტავრაციის პროცესი დაწყებულიყო.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თოთოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ-გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ-ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.
შეშფოთებით უნდა აღინიშნოს, რომ დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია შესაბამისი აღდგენა-შენახვითი სამუშაოები, რამაც ეს სავალალო შედეგები გამოიწვია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროული და ეფექტური ზომები, რათა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას დაზიანება-დანგრევისგან და დაიწყოს ე.წ. "სადავო" ეკლესიების საკითხის გადაჭრა". - ნათქვამია განცხადებაში.