ვის იცავს უჩა ნანუაშვილი: ქართულ პრესას თუ ნათია მიქიაშვილს?!

ვის იცავს უჩა ნანუაშვილი: ქართულ პრესას თუ ნათია მიქიაშვილს?!

  საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის თაობაზე სწრაფი და ეფექტიანი საგამოძიებო ღონისძიებები გაატაროს, ეს აუცილებელია იმმისთვის, რომ  უზრუნველყოფილ  იქნას თავისუფალი და ჟურნალისტური საქმიანობისთვის სათანადო გარემოს შექმნა.განცხადება  ამის შესახებ  სახალხო დამცველის აპარატი აკეთებს.


  ცნობილია, რომ "2014 წლის 23 სექტემბერს გავრცელდა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილისა და სტუდია "ანატომიის" საგანგებო განცხადება. სტუდია ამზადებს გადაცემას ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილების თემაზე, სადაც ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსზე ზვიად ჯანყარაშვილზე იქნება საუბარი. ნათია მიქიაშვილის განმარტებით, ჯანყარაშვილი მას სიტყვიერად ემუქრება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მისი მეუღლე აიძულა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები დაეტოვებინა.


  სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ როლს თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამკვიდრებული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს შესაძლებლობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განახორციელოს თავისი საქმიანობა.


  საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და დაუშვებელია ცენზურა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა",-ნათქვამია განცხადებაში.


   ცნობისთვის, ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილს, ზვიად ჯანყარაშვილს მუქარაში ადანაშაულებს.


   "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა ჟურნალისტ  ნათია მიქიაშვილის ბრალდებებს უპასუხა.  ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილს სთხოვს, წარადგინოს ის ოჯახის წევრი, რომელსაც ჟურნალისტის თქმით, ჯანყარაშვილი დაემუქრა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: