ლევან ყიფიანი: თუ გარიგებული მატჩების პრაქტიკა არ აღმოიფხვრა, ფეხბურთი ვერ განვითარდება!
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მიიჩნევს, რომ მსაჯები, რომლებიც შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა, მკაცრად უნდა დაისაჯონ.
"თუ აღნიშნული პირების მიმართ სასჯელი მკაცრი არ იქნა და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ აღმოიფხვრა, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ვერასდროს განვითარდება.
ეს მარტო საქართველოში არ ხდება. საქართველო ერთერთი პირველი შეუერთდა იმ კონვენციას, რომელიც მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ სახელმწიფოთა მხრიდან ერთობლივი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს", - განაცხადა მინისტრმა მარტვილში, ჭყონდიდელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ.