1000-ზე მეტ სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ზაფხულის განმავლობაში 126-ე საჯარო სკოლაში გარემონტდა და მოეწყო 30 საკლასო ოთახი, შეკეთდა სახურავი და გაკეთდა სარინელები, უახლოეს მომავალში ამოქმედდება ექიმის კაბინეტიც. სკოლაში 1 000-მდე მოსწავლეა. ცალკე ფლიგელშია განთავსებული პირველკლასელთა საკლასო ოთახები. 2014 წელს ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ოთხი სართულიდან სამი სართული გარემონტებულია, მეოთხე სართულის სარემონტო სამუშაოები სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყება.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაშია ჩატარებული, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა, 2014 წლის ბოლომდე ხუთი ახალი სკოლა ამოქმედდება, ხოლო 2015 წლის დასაწყისში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება. 2014 წელს 1500-ზე მეტი სკოლა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, მოხდა 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება.
მინისტრის განცხადებით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. წელს დაიწყება 8 ახალი სკოლის მშენებლობა და მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლების გარემონტება პრიორიტეტების გათვალისწინებით გაგრძელდება.