ირაკლი ღრიბაშვილი: ამ წამოწყებაში ბიზნესმა ჩვენში სანდო პარტნიორი უნდა დაინახოს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებულ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ინიციატივები, რომელთა მიზანიც რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა. მანვე მოუწოდა ბიზნესმენებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისინი თბილისში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის" მოიწვია.
"ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია, ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესმენებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.