ოთარ კახიძე: ერეკლე კოდუას საქმეში გარდაცვლილი მოწმის განცხადება გაყალბებულია!

ოთარ კახიძე: ერეკლე კოდუას საქმეში გარდაცვლილი მოწმის განცხადება გაყალბებულია!

  თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ლევან კალანდაძის წერილობითი განცხადების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა.

 

  კოდუას ადვოკატმა ოთარ კახიძემ განმარტა, რომ გარდაცვლილი მოწმის განცხადება გაყალბებულია და ორიგინალი ვერსია არ არსებობს. მოსამართლემ კალანდაძის ჩვენება დასაშვებად ცნო.

 

  "კანონმდებლობა მტკიცებულებით ძალას არ ანიჭებს დოკუმენტს, რომლის ავთენტურობაც არ დასტურდება, მოსამართლეს უნდა მიეღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და დაუშვებლად უნდა ეცნო ეს მტკიცებულება.

 

  ეს დოკუმენტი ძალიან თვალნათელია, რომ პროკურატურაში არის შედგენილი.

 

  მას ორიგინალი ხელმოწერა არ აქვს, ასლია. ოფიციალურ სისხლის სამართლის საქმეში დევს ასლი და ასლების საფუძველზე უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება",- განაცხადა კახიძემ.

 

  პროკურორ მალხაზ კაპანაძის განცხადებით, მოწმის განცხადება ნამდვილად ასლია, თუმცა არსებობს ჩვენება, რომელიც ამ განცხადების დედანია.

 

  "ეს განცხადება ნამდვილად ასლის სახითაა, თუმცა ჩვენება არსებობს, რომელიც არის დედანი და ჩვენებით არის განმტკიცებული ეს განცხადება. აღნიშნული მტკიცებულება ასლის სახით ჩვენთან წარმოადგინა ირაკლი გურჩიანმა. ეს პიროვნება დაიკითხება სასამართლო პროცესზე და ამ მტკიცებულების ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დგება",- განაცხადა კაპანაძემ.

 

  ცნობისათვის, ერეკლე კოდუას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვისი ქონების თაღლითური გზებით მითვისებას ედავება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: