რუსეთი საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტ ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ, მოსკოვი თბილისისგან, ურთიერთობის გაუმოჯობესების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განუცხადა.
"პროგნოზების გაკეთება აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უადგილოა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აბაშიძეს ჩვენთან კარგად იცნობენ ელჩად მუშაობის პერიოდიდან. ისიც კარგად იცნობს რუსეთს", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებას აქცევს თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შესაბამის საკადრო დანიშვნებს.
"თუმცა, ჩვენ საქართველოს ახალი მთავრობისგან, პირველ რიგში, კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად 1 ნოემბერს დანიშნა.