გიორგი ცაგარეიშვილი: აქტიური კომუნიკაციის ფონზე პრობლემა მარტივად გადაწყდება!
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე საუბრობს. მისი აზრით, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტისა და პრემიერის უწყებებს შორის, რათა გადაწყდეს ვისი ხელმძღვანელობით წავა დელეგაცია ფორუმზე.
"შესაძლებელია ეს საკმაოდ მარტივად გადაწყდეს, თუკი შესაბამისი კომუნიკაცია, დღეიდან მოყოლებული, როცა შეიტყო ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას იწვევენ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, შედგება მთავრობასთან კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია მოხდება არა ნიშნის მოგებით და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, მაშინ დარწმუნებული ვარ, მთავრობასთან ნებისმიერი თემის შეთანხმება შეიძლება." - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტზე, დელეგაციის ხელმძღვანელის საკითხი რამდენიმე კვირის წინაც აქტუალური იყო. აშშ-ში კლიმატის ცვლილების სამიტზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო.თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საგარეო უწყების პოზიცია ასეთი იყო : ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა.