რაზე საუბრობს თემურ შაშიაშვილი?
პარტია "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყნის წარმატებისა და წარუმატებლობის ფორმულაზე საუბრობს. პარტიის ლიდერის განცხადებით, წარუმატებლობის პირველი ფორმულაა პირადი ერთგულებით კადრების შერჩევა.
"იაპონიაში რაც გევალება, ის გააკეთე და რაც გინდა, ის ილაპარაკე ხელმძღვანელზე, ხელმძღვანელთა ფიტულებით მოფენილია მთელი ქვეყანა… საქართველოში, ოღონდ რამე ცუდს ნუ იტყვი ხელმძღვანელზე და თუ გინდა, უსაქმური იყავი სამსახურში, არაფერი არ გააკეთო..." -ამბობს შაშიაშვილი.
"თეთრების" ლიდერის აზრით, წარუმატებლობის მეორე ფორმულაა ის ფაქტი, რომ წარმატებულ ქვეყნებში არ ირჩევენ უცნობს, ხოლო წარუმატებლებში - არ ირჩევენ ნაცნობს.
"ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთსა და გერმანიაში თუ 20-25 წელი არ იცნობენ კანდიდატს, მას არ აირჩევენ… საქართველოში კი - შრომის წიგნაკებს მინისტრად დანიშვნისას ხსნიან, საკმარისია ერთი სატელევიზიო გამოსვლა და შეიძლება, ყოველგვარი დამსახურების გარეშე პრეზიდენტიც კი გახდე", - ამბობს "თეთრების" ლიდერი.
მისი თქმით, წარმატებულ ქვეყნებში არ ენდობიან, არ ირჩევენ მილიარდერებსა და ბელადომანიით დაავადებულთ. საქართველოში კი მხსნელს მხოლოდ ფულიანსა და ბელადში ვეძებთ. მისი თქმით, კიდევ ერთი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ქვეყნებში გამოცდილი კადრების მიმართ დამოკიდებულებაშია.