კახა კოჟორიძე: არ ხდება რიგი საქმეების ეფექტიანი გამოძიება!
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს აფასებს.
"ცალსახაა ის, რომ სიტუაცია სასჯელაღსრულების სამინისტროში, ციხეებში არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით; მედია არის უფრო თავისუფალი, ვიდრე ეს აქამდე იყო და სასამართლო არის უკეთესი, ვიდრე აქამდე.
თუმცა, არ ხდება რიგი საქმეების ეფექტიანი გამოძიება, სადაც პოლიციელები სავარაუდო დამრღვევებად გვევლინებიან. თითქოს, სისტემა კვლავ მიდრეკილია იქითკენ, რომ არ მოხდეს ასეთ ტიპის საქმეების გამოძიება და ხელის დაფარება მოხდეს სავარაუდო დამრღვევებზე ", - აცხადებს კოჟორიძე.
შეგახსენებთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება" მოიგო. მათ ხმა მისცა მილიონ 184 588 ამომრჩეველმა, რისი პროცენტული მაჩვენებელიც 54,85-ია. "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 40,43%-მა გააკეთა, რაც 872 336 ამომრჩეველს უდრის.