ირაკლი ღარიბაშვილი: მედიის დამოუკიდებლობით იზომება რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია!
"მედიის დამოუკიდებლობითა და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართვაში.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
"ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისას, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მედიის დამოუკიდებლობითა და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია და ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის საამაყოა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული კვლევების შედეგებით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ადგას ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს.
"ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობიანად, აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.