რა მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს რომან გოცირიძე ხელისუფლებას?!
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, წინა ხელისუფლების შეცდომები არ გაიმეოროს.
"საქართველოში ხელისუფლების ყველა ცვლილებას მოჰყვა პოლიტიკოსთა და მოხელეთა ემიგრაცია. ასე იყო გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისას, ასე მოხდა შევარდნაძის ხელისუფლების "რევოლუციურად" გაშვების დროს და იგივე განმეორდა სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად გადარჩევის შემდეგაც.
ზოგი ჩვენი ნაცნობი აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, ვერ ბრუნდება ქვეყანაში. საქართველოში ახალი ხელისუფლება მოდის მაშინ, როცა ძველი ამოწურავს სიძულვილის ლიმიტს.
მათი დასჯა არა მხოლოდ რევანშისტების დაბრუნების გამო ხდება, არამედ, ეს "ხალხის მოთხოვნითაცაა" განპირობებული (განმტკიცებული).
ხელისუფლება უნდა უფრთხოდეს სიძულვილის დაგროვებას, თორემ დანარჩენი ძველი სცენარით წავა. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი დემოკრატიული და მშვიდობიანი ფორმით მოხდება მისი შეცვლა და როგორი ჰუმანური ძალა მოვა მის შემდეგ.
"ხალხის შეკვეთას" ვერავინ გაექცევა.
ეს არასამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანია.
ერთადერთი გზა ამის თავიდან ასაცილებლად არის კანონიერების პრინციპების უმკაცრესი დაცვა.
მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, დაარღვიოს ეს მავნე ტრადიცია. ვერ მიხვდება? გვიან მიხვდებიან: ზოგი რუსეთში, ზოგიც შვეიცარიაში", - წერს რომან გოცირიძე.