უჩა ნანუაშვილი: მსგავსი ფაქტები დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას ადასტურებს!
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქუთაისში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე პოლიციასა და მირზა გოჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც გოჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა, საქართველოს სახალხო დამცველმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმის შესწავლა დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. დააკავეს აღნიშნულ შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი.
საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ შემთხვევის სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.