ბაჩო ახალაია: საქართველოს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს მიუღია!

ბაჩო ახალაია: საქართველოს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს მიუღია!

  ბაჩო ახალაია ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე არანორმალური ზეწოლის ტალღა წამოვა. ბაჩო ახალაიამ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას დიდი უბედურება უწოდა.  ამის შესახებ ახალაიამ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

  "მინდა, ევროსაბჭოს რეზოლუციის გამო დიდი გულისტკივილი გამოვხატო. ეს არის დიდი უბედურება. საქართველოს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს მიუღია. ეს არის დიპლომატიურ-კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება და 1000-ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ახალაიამ.

 

   ახალაიას თქმით, ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ მიუღია.

  როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციაში მისი სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული, ხოლო ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ევროსაბჭო ხელისუფლებას ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პირდაპირ მოუწოდებს.

  "მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ. ამ რეზოლუციის მიღებამდე და მიღების შემდეგ არაერთი მკვეთრი განცხადება გაკეთდა. ხელისუფლებას აქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ახალაია უნდა იჯდეს ციხეში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული პუნქტი, რომელიც აღკვეთის შეცვლას ეხება, მარტივად გადაწყვიტოს იმით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს. იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა, რომელიც სასამართლოზე წამოვა. მე თუ მოლოდინი მქონდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ რეზოლუციის შემდეგ გამიქრა. ახლა ყველაფერი მოსამართლის გამბედაობაზეა დამოკიდებული და მე თქვენი გამბედაობის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - მიმართა ახალაიამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: