მერაბ შათირიშვილი: „ნაციონალები“ ევროპულ იდეალებს საბოლოოდ გაანადგურებენ, „ქართული ოცნება“ კი მესაფლავე იქნება!

მერაბ შათირიშვილი: „ნაციონალები“ ევროპულ იდეალებს საბოლოოდ გაანადგურებენ, „ქართული ოცნება“ კი მესაფლავე იქნება!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში პარანოიული სიტუაციაა - დამნაშავე „ნაციონალური“ რეჟიმი მმართველ კოალიციას კვანტს კვანტზე უდებს და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება. „ქართული ოცნება“ კი თავდაცვის რეჟიმშია გადასული და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უნიათო მმართველის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

მისი აზრით, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება „კეისარს კეისრისა“ მიუზღას და პროცესები სამართლიანობის ჩარჩოში მოაქციოს! ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ამასთანავე მიიჩნევს, რომ ეიფორიის ტალღაზე მოსულმა კონგლომერატმა საზოგადოების იმედები არ გაამართლა და საჭიროა ახალი, ეროვნული ძალის ფორმირება, რომელიც ორივეს _ ძველსაც და მოქმედსაც საკუთარ ადგილს მიუჩენს და საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველოში დატრიალებულ ვაკხანალიებს...

 

„ივერიონს“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი საქართველოსთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, მერაბ შათირიშვილი.

 

- ბატონო მერაბ, თქვენ საკმაოდ ამბიციური განსცხადებით შემოხვედით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია თავისი არსითა და სტრუქტურით საზოგადოებრივი დატვირთვის მატარებელია, თქვენს მიერ გაჟღერებული ლოზუნგები - ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება - აშკარად პოლიტიკურ ხასიათს იძენს. სამწუხაროდ, ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან რეალური მხარდაჭერა არ მოჰყოლია...

 

- ვერ დაგეთანხმებით. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მრავალათასიანი მიტინგების მოწყობა არ ყოფილა. ჯერ ერთი, ასეთ აქციები, როგორც საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა მოწმობს, კოლოსალურ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალება ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას ჯერჯერობით არა აქვს. ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მხარდამჭერები ამ თვალსაზრისითაც გამოგვიჩნდებიან. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ უცხოურ კაპიტალზე დაგეშილი  საზოგადოებრივი ორგანიზაცია არა ვართ - მოგეხსენებათ, ჩვენი უცხოელი „ძმების“ „ხელგაშლილობას“ აუცილებლად მოჰყვება სათანადო ინსტრუქციებიც, რომელიც ახლოს არ დგას ჩვენს მენტალობასთან და იმ პრინციპებთან, რისი გატარებაც მიზნად დაისახა ახალდაფუძნებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

 

მეორეც, ჩვენ ვაშა-ურათი დაწყებული საქმეც არ გვინდა - ვაკვირდებით, რამდენად არის საზოგადოებაში მოთხოვნილება ახალი ეროვნული ძალის ფორმირებაზე და რამდენად არის მზად სერიოზული ცვლილებებისთვის ქართული საზოგადოება. ერთი რამ ფაქტია: ეიფორიის ტალღაზე მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს იმედები გაუცრუა - „ნაციონალების“ თავხედურ პარპაშს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელმა ხელისუფლებამ პირწმინდად მოირგო დანაშაულებრივი „ნაციონალური“ რეჟიმისგან მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფოს მართვის სისტემა და როგორც ჩანს, ძალიან გაუტკბა კიდეც!

 

არადა, თუ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდა ქვეყანაში, ყოველთვის თვითკმაყოფილ რეჟიმთან გვექნება საქმე, რომელიც საკუთარს იქით ვერაფერს ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ასეთია დღევანდელი რეალობაც.

 

- არადა, ამას ამბობს კაცი, რომელიც თავად იდგა „ქართული ოცნების“ ფორმირების სათავეებთან. სხვათაშორის, როცა თქვენ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბეთ, საზოგადოებისგან ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ ეს იყო - ბევრი ფიქრობს, რომ ან სატელიტი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებას ცდილობთ, ან განაწყენებული ხართ დღევანდელ ხელისუფლებაზე და ამიტომ წამოხვედით, თუმცა, რადგან თქვენი „განქორწინება“ „ქართულ ოცნებასთან“ ხმაურიანი არ ყოფილა, მავანი მაინც პირველისკენ იხრება...

 

- ვერავინ დამწამებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას რამეთი ვისარგებლე ან რაიმე განსაკუთრებული „საჩუქარი“ მოვითხოვე და ამიტომ წამოვედი. მე შეგნებულად დავდექი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, რომ საქართველო სისხლისმსმელი რეიმისგან ერთობლივი ძალით გაგვენთავისუფლებინა. თან მჯეროდა, რა დაპირებითაც შემოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში, ყველაფერს გააკეთებდა. სამწუხაროდ, შევცდი და არა მარტო მე.

 

არ ვიცი, რა ხდება კულუარებს მიღმა, მაგრამ, თუ გარეგნული მდგომარეობით განვსჯით, ხალხი იმედგაცრუებულია და ეს ყველაფერი ბინძური პოლიტიკური თამაშის სახეს იძენს!

 

საკუთარ თავს ნამდვილად არ ვგულისხმობ, მაგრამ არ იქნება ახალი თუ ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი „თავისიანი“ გადააგდო - ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, თუ ვულგარულად ვიტყვით, გამოიყენა და ჩვარივით მოისროლა.

 

მე უპირველესად იმ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც სიკეთის მოტანა შეეძლო ქვეყნისთვის, მაგრამ ახლოს არ გაიკარეს! ამ ხელისუფლებას პროფესიონალები არ სჭირდება - ალბათ ახსნაც არ უნდა, თუ რატომ!

 

- ახლა ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუბრუნდეთ, რომელიც ამ ბოლო ხანებში ძალიან იბრიქება და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება. თქვენის აზრით, რა ხდება - ეს მმართველი კოალიციის სისუსტეზე უფრო მეტყველებს, თუ ისინი გარეშე ძალების მხარდამჭერით გათამამებულნი საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ?!

 

- როგორც ბაბუაჩემი ვერ დაბრუნდება საიქიოდან, ისე „ნაციონალებიც“ ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში, ამის გარანტიას გაძლევთ.

 

ცოტა უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, რომელიც იარაღით ჩამოაგდეს გარეშე და შიდა დესტრუქციულმა ძალებმა. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას სახელმწიფო დანაშაული არ ჩაუდენია და მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდა შენარჩუნებული, მაინც ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში და ახლა როგორ გინდა, „ნაციონალების“ დამნაშავე ხელისუფლება დაბრუნდეს?! ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს - უბრალოდ, ამას ხალხიც არ დაუშვებს. მეორეც, როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. თუმცა, მათი რიტორიკა ისევ და ისევ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის ბრალია, რომელმაც თავიდანვე კუთხეში არ მიაყენა დამნაშავე რეჟიმი და მსოფლიო საზოგადოებას ბოლომდე არ დაანახა მათი ნამდვილი სახე.

თუმცა, აქ მე უფრო სხვა სიმპტომებს ვხედავ, რომელიც შეიძლება ევროპას ძვირად დაუჯდეს!

 

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა საქართველოს ევროპულ არჩევანთან?

 

- როგორც იტყვიან, შუაში კი არა თავშია - „ნაციონალების“ ლობირებით საფრთხე ექმნება ევროპულ ღირებულებებს და საერთოდ, ევროპულ არჩევანს ქართული საზოგადოების თვალში. ხალხი ფიქრობს, ნუთუ ეს არის დღევანდელი ევროპა, რომელიც დამნაშავე რეჟიმს გვახვევს ისევ თავზე და მათ გათეთრებას ცდილობს?! ეტყობა ამ საფრთხეს ისინიც ან არ აცნობიერებენ, ან შეგნებულად გვახვევენ თავს. ორივე შემტხვევაში ევროპული ღირსებულებების კრახი გარდაუვალია. თან ასეთ მიდგომით ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაარჩენენ!

 

ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ „ნაციონალები“ ნებსით თუ უნებლიედ, ევროპულ იდეალებს საბოლოოდ გაანადგურებენ, მესაფლავე კი „ქართული ოცნება“ იქნება.

 

სხვათაშორის, დღევანდელი ხელისუფლების უნიათო პოლიტიკა სწორედ ასეთ დასკვნის საშუალებას იძლევა.

 

- საგულისხმოა ერთი გარემოებაც: დღევანდელი ევროპა არ არის ევროპა ტრადიციული გაგებით - იგი დღეს ამერიკის მძევალია. არადა, თქვენს ინტერვიუში ერთხელად არ გიხსენებიათ ამერიკა ევროპასთან მიმართებაში.

 

- როცა ვამბობ ევროპას, ვგულისხმობ ამერიკასაც, რადგან ისინი დღეს ცალ-ცალკე არც განიხილებიან. გეთანხმებით ფორმულირებაში - დღეს ევროპა მართლაცდა ამერიკის მძევალია, რომელიც საბოლოოდ საკუთარ სახეს აკარგვინებს.

 

- მოდით, ისევ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას და თქვენ საზოგადოებრივ მოძრაობას დავუბრუნდეთ. როგორ აპირებთ მხარდამჭერთა „არმიის“ შეგროვებას და რა პერსპექტივები გაქვთ სამომავლოდ - რამდენად რეალურია თქვენი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე?!

 

- ჩვენ მხარდამჭერთა არმიის შეგროვებას ნამდვილად არ ვაპირებთ - ხალხში ისედაც ჩანს ამის მოთხოვნილება, რაშიც ჩვენმა აქციამ „პარლამენტიდან პარლამენტამდე“ დაგვარწმუნა. ქუთაისიდან თბილისამდე ფეხით რომ მოვდიოდით გზადაგზა ვრწმუნდებოდით - ხალხის განწყობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკულია. ასევე, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენი თანამოაზრეა, ოღონდ ეჭვის თვალით უყურებენ ახალი საზოგადოებრივი ძალის შემოსვლას. ეს ყველაფერი ივანიშვილის ფაქტორითაა განპირობებული - მან კაპიტალისა და პოლიტიკის მონოპოლიზირება მოახდინა საქართველოში და ძნელია კონკურენცია გაუწიო. თუმცა, თუ საზოგადოებაში სერიოზულ ცვლილებების მოთხოვნილება მომწიფდა, ეს ბარიერიც გადაილახება და საჭირო რესურსებიც გამოჩნდება!..

 

- დავუშვათ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. რამდენად შეცვლის ეს პოლიტიკურ სურათს საქართველოში?

 

- გიპასუხებთ. მიუხედავად რიტორიკისა, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ნულის ტოლია. სერიოზული პრობლემები ექნება „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც ელვისებურად კარგავს მხარდამჭერებს. რაც შეეხება პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს, თითქმის ყველა მარგინალიზებულია და არა მგონია ამომრჩეველმა ფსონი მათზე დადოს.

 

ამ ფონზე საკუთარი ნიშა უნდა დაიკავოს ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი გარეშე ვალდებულებებისგან. სხვანაირად, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ და კიდევ უფრო ღრმა უფსკრულისკენ წავიყვანთ ქვეყანას!

 

                                                     ესაუბრა საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: