ასლან ფაღავა: რელიგია ფაქიზი თემაა და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია!
აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე „ივერიონს“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკური კლუბი - მომავლის გზა“ ხელმძღვანელი ასლან ფაღავა.
-ბატონო ასლან, რა ხდება აჭარაში? არა იმდენად კლიმატურ ცვლილებებს ვგულისხმობთ, არამედ, პოლიტიკურ კლიმატს რეგიონში. დაწყნარდა თუ არა სიტუაცია პოლიტიკურ ოპონენტებს შორის?
- რაც შეეხება პოლიტიკურ კლიმატს: მართლაია, მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ამ ეტაპზე მოიხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის ვგონებ, დიდი „სიამტკბილობა“ არ უნდა იყოს ... პრინციპში, ეს არ არის ურიგო, თუ ურთიერთობა ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში გაგრძელდება და არ გადაიზრდება ინტრიგანობასა და კინკლაობაში.
რაც შეეხება „პოლიტიკურ ოპონენტებს შორის სიტუაციას“, პოლიტიკური ოპონენტი იმის ოპონენტია, რომ მოსვენება არ უნდა მისცემს ოპონირების ობიექტს...ასე რომ, ამ მხვრივაც არაფერი უცნაური და გაუგონარი არ ხდება ჩემი აზრით.
ცალკე საუბრის თემაა ალბათ “ნაციონალური მოძრაობა“. ბოლო არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, რომ ხელისუფლების ძირითად ოპონენტებად მაინც ისინი რჩებიან და მიუხედავად მურმან დუმბაძისა და მისი ჯგუფის მცდელობებისა, დაიმკვიდრონ ადგილი ოპოზიციაში (ასეთი მცდელობები სხვებსაც აქვთ), თუ ხელისუფლება არ წავა თვისობრივ ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მათთვის საეთერო დროის უზრუნველყოფის, აგრეთვე სამართლიანობის დამკვიდრების კუთხით, მომავალ არჩევნებზეც მივიღებთ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს - თუმცა, ამომრჩევლის კიდევ უფრო ნაკლები აქტიურობით და სხვა პროპორციებით.
-ძალიან ბევრს საუბრობენ მურმან დუმბაძისა და არჩილ ხაბაძის დაპირისპირებაზე.თუ პირველს საკუთარი კლანების ლობირებაში ადანაშაულებენ, მეორეს - ნეპოტიზმსა და უუნარო კადრების შერჩევაში. ბუნებრივია, ამ ჭიდილში საქმე ფუჭდება და პროფესიონალი კადრები თამაშგარე რჩებიან. როგორია თქვენი კომენტარი?
-დიახ, ურთიერთბრალდებები ისმის და მე, თუ ნებას დამრთავთ, თავს შევიკავებ შეფასებებისგან. რაც შეეხება კადრების საკითხს, ეს არა მხოლოდ აჭარაშია პრობლემა, ვფიქრობ, ეს ქვეყნის მასშტაბით ზოგადი პრობლემა გახლავთ და აქ ყველა ფაქტორი ერთად მუშაობს: ნეპოტიზმიც, პირადი ერთგულების გამო ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნაც, წინასაარჩევო აქტიურობების გამო და პარტიული ნიშნით დანიშვნებიც და სხვა
ერთიც უნდა ითქვას აუცილებლად: მურმან დუმბაძე აღარ არის „ოცნების“ წევრი, ის დეკლარირებულად ოპოზიციაშია და შესაბამისად, საქმის გაფუჭება მას ვეღარ დაბრალდება ჩემი აზრით.
- რამდენადაც გვახსოვს, საინიციატივო ჯგუფი ბათუმის მერის არჩევნებში თქვენი კანდიდატურის დაყენებას ითხოვდა. რატომ შეიკავეთ თავი და როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია დღეს?
-დიახ.იყო ასეთი ინიციატივა, სპეციალური გვერდიც შექმნეს სოციალურ ქსელში, რამდენიმე გამოკითხვაც ჩაატარეს, სადაც პირველ ადგილზე გავედი სხვა სავარაუდო კანდიდატებს შორის. მაგრამ, მოგეხსენებათ, მერის არჩევნებში მონაწილეობა სერიოზული საქმეა და თუ კაცს სერიოზულობაზე აქვს პრეტენზია, კარგად უნდა მოიფიქროს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება…
ამ შემოთავაზებაზე რამდენიმე მოსაზრების გამო ვთქვი უარი: უპირველესად ეს გახლდათ საარჩევნო კანონმდებლობა; მოგეხსენებათ, არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, ხოლო „თვითმმართველობს შესახებ კანონი“ ხელახლა დაიწერა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ცვლილებები მხოლოდ ზედაპირული აღმოჩნდა, „თვითმმართველბის შესახებ“ კანონი, მიუხედავად რამდენიმე პროგრესული გადაწყვეტილებისა, (მერებისა და გამგებლების პირდაპირი კენჭისყრით არჩევა, 50%-იანი ბარიერი და სხვა), მაინც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებას და თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ქვეყანაში...
კითხვიდან გადახვევა რომ არ გამოგვივიდეს, მოგახსენებთ კონკრეტულად, რომ ამ შეცვლილ კანონმდებლობას აქვს რამდენიმე ხარვეზი, რომელთა გამოც უარი ვთქვი არჩევნებში მონაწილეობაზე: უმთავრესი ალბათ ის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს ეკრძალებათ მერის არჩევნებში მონაწილეობა, რასაც პარტიული ცხოვრების გააქტიურების მისასალმებელ სურვილად ჩათვლიდა კაცი, რომ არა იქვე ჩადებული „ხაფანგი“ - პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს უფლება არა აქვს, იყოს ამავე პარტიის პარტიულ სიაში!.. ე.ი. პარტიის მაღალრეიტინგულმა წარმომადგენლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ: ან მერად იყარონ კენჭი, ან თავისი პარტიის პარტიულ სიაში ჩაეწერონ და შეეცადონ მიეხმარონ პარტიას საკრებულოს მანდატების მოპოვებაში.
შემდეგი არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი უარის თქმისა იყო არათანაბარი საარჩევნო გარემო, რაც გულისხმობს საეთერო დროის არათანაბარ განაწილებას საარჩევნო სუბიექტებს შორის, ხელისუფლებისა და ყოფილი ხელისუფლების ხელთ არსებულ უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს, რაზეც სხვებს, ბუნებრივია, წვდომა ვერ ექნებოდათ და წარმომადგენლობასსაარჩევნო კომისიებში. მოგეხსენებათ, კომისიის 13 წევრიდან 12 ხელისუფლების დანიშნული იყო, ხოლო 1 - ყოფილი ხელისუფლებისა. მათ პატიოსნებაში და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის გარეშეც, დამეთანხმებით, უკვე სოლიდური „ფორაა“ , თუ მარტივად, თუნდაც მარტო საარჩევნო ადმინისტრაციის ოჯახის წევრებს დავთვლით, მივხვდებით, რომ ყოველ საარჩევნო უბანზე ამ სუბიექტებს 50-60 ხმა უკვე წინასწარ აქვთ „უზრუნველყოფილი“. ამას მიუმატეთ საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც უხვად აქვს ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს, სხვა სუბიექტებს კი (გარდა ნაციონალური ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ. „კვალიფიციურებისა“), აბსოლუტურად არც ერთი თეთრი...
აღარაფერს ვამბობ თვით „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელთა ხელთ არსებულ უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე და იმ „კეთილ ბიზნესმენებზე“, რომლებსაც რატომღაც ძალიან უნდებათ ხოლმე ხელისუფლების დაფინანსება ყოველი არჩევნებისას და იმათზე, რომლებიც უბრალოდ, „ნაციონალების“ მიერ შექმნილ ბიზნესებს განაგებენ.
მგონი, საკმარისი მიზეზები მქონდა უარი მეთქვა მერის არჩევნებში მონაწილებაზე. ხოლო, რაც შეეხება ჩემს დღევანდელ პოლიტიკურ ორიენტაციას, იგი ზუსტად ისეთივეა, როგორიც 24 წლის წინ იყო: ვარ დაჯერებული ტრადიციონალისტი და ვთვლი, რომ საქართველო ფორმით დემოკრატიული, ხოლო შინაარსით ეროვნული სახელმწიფო უნდა იყოს, სადაც ხელსუფლების მთავარი საზრუნავი მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ტრადიციული ფასეულობების პატივისცემა იქნება!
- რა მიზანს ემსახურება თქვენი ახალჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კლუბი“?
- მე და ჩემმა თანამაზრეებმა ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია: „პოლიტიკური კლუბი მომავლის გზა“, მის ძირითადი მიზნები გახლავთ:
- საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მის ფორმირებაზე სასიკეთო გავლენის მოხდენა;
- ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა, პრობლემების მიგნება და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება საზოგადოებისათვის;
- მოსახლეობის პოლიტიკურ განათლებაზე ზრუნვა, პოლიტიკურ პროცესებშისაზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
- გაქვთ თუ არა პრეტენზია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე და, აქედან გამომდინარე, იქნებით თუ არა დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტი?
- სამოქალაქო სექტორი გაძლიერებას და რა თქმა უნდა, თვისობრივ ცვლილებებს საჭიროებს. ამის მიღწევას სერიოზული ძალისხმევა და თავდაუზოგავი მუშაობა სჭირდება. ვფიქრობთ, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ამ საქმეში. ვიქნებით თუ არა დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები? ყველა იმ საკითხში, რომელშიც ხელისუფლების მოქმედებას არასწორად ჩავთვლით, ჩვენ მისი ოპონენტები ვიქნებით, თუმცა ხელისუფლების ოპონირება ჩვენი თვითმიზანი არ გახლავთ.
„პოლიტიკური კლუბის“ ამოცანა საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირებაში ხელის შეწყობა და პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის ზრუნვაა რადგან დარწმუნებული გახლავართ, რომ თუ ქვეყანაში სამოქალაქო განათლების დონე არ გაიზარდა, ჩვენ ვერ გამოვალთ იმ ჩაკეტილი წრიდან, როცა ყოველი შემდგომი ხელსუფლება წინა ხელისუფლების წიაღში იშვება ხოლმე და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერები ხელისუფლების მოხნილი, ან განაწყენებული ყოფილი მომხრეები არიან.
ადამიანებმა უპირველესად არჩევანის სწორად გაკეთება უნდა ისწავლონ, ამის შემდეგ ექნება აზრი აქტიურ პოლიტიკურ ოპონირებას, სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ ძალთა პოლარიზაციის დილემას ვერ ავცდებით!
- აჭარაში ძალიან აქტუალურია რელიგიური თემაც. ვინ უწყობს ხელს აღნიშნულით ინსპირირებას და საით წაგვიყვანს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემის მიმართ?
- საერთოდ, რელიგიური თემა მეტად ფაქიზია და მისი პოლიტიკური, ან მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელი გახლავთ ჩემი აზრით.
რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი და დაპირისპირება აჭარის სინამდვილისთვის უცხო და არაორგანულია, აქ ყოველთვის ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანები, არც საყოველთაოდ ცნობილი დიდი მოღვაწეებისთვის (როგორებიც იყვნენ მემედ და ჰაიდარ აბაშიძეები, სელიმ ხიმშიაშვილი, გულო კაიკაციშვილი, ჯემალ ქიქავა და უამრავი სხვა) შეუშლია ხელი მათ მუსლიმანობას ქვეყნისთვის თავგანწირვასა და საერთო ქართული საქმის კეთებაში. რათქმა უნდა, მე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, ქრისტიანული ტაძრის აშენება მირჩევნია მეჩეთის აგებას მაგრამ, ჩემს მუსლიმან თანამოძმეს რომ ანალოგიური სურვილს გამო ვუკიჟინო და მოღალატე ვეძახო, ხომ არ შეიძლება?...ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
სამწუხარო ის გახლავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია დაინტერესებული სუბიექტები სერიოზულ ძალისხმევას ახმარენ აჭარაში რელიგიური დაპირისპირების გაღვივებას. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ როგორი თავგამოდებით ცდილობდნენ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები ამ თემის მეშვეობით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას და მოიპოვეს კიდეც.
ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორებიც. გასაგებია, რომ რომ ანტიისლამური ფონის შექმნა (რომელიც ანტითურქულთან ასოცირდება) აქტუალურია რუსეთისთვის, რომელივ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს, რუსული პროპაგანდისტული მანქანა კი მოგეხსენებათ, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს საქართველოში, განსაკუთრებით, აჭარაში (გასაგები მიზეზების გამო) და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ბოლო წლებში თურქეთში „განსწავლული“ ადამიანების საგრძნობი ნაწილი, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ მუსლიმთა „უფლებების დაცვაა“, ხოლო თუ ეს უფლებები არ ირღვევა, მაშინ დასაცავიც არაფერია. ამიტომ, რიგ შემთხვევებში დაძაბულობები და კონფლიქტური სიტუაციები ინსპირირებულია მათ მიერ...არსებობს კიდევ თურქეთის სტრატეგიული ინტერესები და ესეც გავლენას ახდენს მოვლენათა განვითარებაზე.
რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას: ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს წაუყრუოს ყოველივე ზემოაღნიშნულს იმ იმედით, რომ დაძაბულობა თავისთავად მოიხსნება, რაც მცდარი პოზიციაა ჩემი აზრით.
საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება და პირველ რიგში, რელიგიური თემებით მანიპულირების მსურველთა გამოვლენა და კანონის შესაბამისი პრევენციული და დამსჯელი ღონისძიებების გამოყენება რელიგიური დაპირისპირების მცდელობების აღკვეთის მიზნით.
- საკმაოდ შემაშფოთებელი პროგნოზებია ბათუმსა და აჭარის სხვა ტერიტორიებზე თურქების გააქტიურების გამო. ისინი არა მარტო შენობა-ნაგებობებს, არამედ მიწებსაც იძენენ. როგორია თქვენი კომენტარი?
- დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი ფობია და მათ შორის, თურქოფობია დამღუპველია ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ მეზობელი ქვეყნების შესაძლო ინტერესებზე ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო, რომ ამ მეზობლებს როცა შანსი მიეცათ, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრეს და თავიანთ საზღვრებშიც მოაქციეს, ან საოკუპაციო ჯარები ჩააყენეს იქ. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, სხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლოთ (თუნდაც საფრანგეთ-გერმანიის ისტორიული მტრობა და მათი ახლანდელი ურთიერთობა) და უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების ინტერესების მიხედვით.
განუწყვეტლივ საფრთხეებზე კიჟინი არ არის ჯანსაღი საქციელი, თანაც, მეზობლებთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გარეშე როგორ წარმოგვიდგენია არსებობა? ჩვენ გვჭირდება მეზობელ ქვეყნებთან მეგობრობაც და კულტურული ურთიერთობაც. ეს ურთიერთობა პოლიტიკური ბალანსისთვისაც გვჭირდება, ერთი რომელიმე პარტნიორის ხელის შემყურენი რომ არ დავრჩეთ და ამ ურთიერთობებისას აუცილებლადუნდა გავითვალისწინოთ ერთი ცნობილი გამოთქმა “უფასო ყველი სათაგურშია“... როცა რამეს ვიღებთ, მის სანაცვლოდ რაღაც უნდა გავცეთ.
რაც შეეხება კონკრეტულად თურქეთის მოქალაქეთა მიერ აჭარაში უძრავი ქონების შესყიდვას (მათ შორის, მიწის): ეს საკითხიც აუცილებლად საჭიროებს დიფერენცირებულ მიდგომას და კომპლექსურ ანალიზს. ჩემი აზრით, პრინციპულად არასწორი გახლდათ ერთ ლარად უცხოელ (ამ შემთხვევაში, თურქ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე საუკეთესო ადგილებში მიწის თუ სხვა ქონების გადაცემა იქ „ინვესტიციების განხორციელების მიზნით“.
ძალიან ბევრ შემთხვევაში ამ „ინვესტიციებისგან“ არც სახელმწიფოს და არც მოქალაქეებს არაფერი სარგებელი არ აქვთ, ხოლო მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები მიწის საფასურსაც ვერ წვდება (მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მიწა მისი სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში რა სარგებელს მოგვცემდა)...
მაგ. ვერაფრით ვერ ჩავთვლი „სასარგებლო ინვესტიციად“, როცა რომელიმე უცხოელ პირს გადაეცემა მიწა ერთ ლარად სასტუმროს ასაშენებლად - ეს პირი პროექტს თავის ქვეყანაში აკეთებინებს, სამშენებლო მასალები თავისი ქვეყნიდან შემოაქვს, მუშახელი თავისი ქვეყნიდან ჩამოჰყავს, სასტუმროს აშენების შემდეგაც პერსონალი (ყოველ შემთხვევაში, საშუალო და ზედა რგოლის მენეჯმენტი) თავისი ქვეყნიდან შემოჰყავს და თავისივე ქვეყნიდან ჩამოსულ კლიენტებს ემსახურებიან - მთელი მოგებაც, ცხადია მის ანგარიშებზე მიდის თავის ქვეყანაში.
მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს მიდგომები უნდა შეცვალოს. მიწას რაც შეეხება, აქ ჩემი პოზიცია ცალსახაა: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელ პირებზე გასხვისება უნდა აიკრძალოს საკანონმდებლო დონეზე...ამის გაკეთება სცადა ხელისუფლებამ, რაც მისასალმებელია მაგრამ, საქმე ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის!
ესაუბრა ია ჯღარკავა