სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი ოფისი პრემიერმა გახსნა
სურსათის ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი ექნება, - ახალი შენობა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.
პრემიერი ახალ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა.
მთავრობის მეთაურს სააგენტოში განუმარტეს, რომ ახალი ხელისუფლების მიდგომის ცვლილების შედეგად სურსათის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო დაფინანსება გაეზარდა. ამასთან, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს - გაზრდილია საწარმოების ინსპექტირებების რაოდენობა, დიდი ყურადღება ეთმობა სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს;
"ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, ხორციელდება სურსათის უვნებლობის კონტროლი. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მოსახლეობაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. წლების განმავლობაში ეს სამსახური სრულიად უფუნქციოდ იყო დატოვებული. ყოფილი ხელისუფლების მიდგომა იყო, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა, რაც გამორიცხულია", - განაცხადა პრემიერმა.