დავით ზალკანიანი: რუსული პროექტი იქ არ განხილულა!
ჟენევიდან დაბრუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი მართლაც იყო, თუმცა ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში არ განხილულა.
"უშუალოდ სხდომაზე არა, მაგრამ საუბრებში, იქ მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ორმხრივი საუბრები, სანამ უშუალოდ რაუნდი იწყება მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები, ამ შეხვედრებზე კარასინმა წამოწია ეს საკითხი, თუმცა მყისიერად ჩვენი მხრიდან მას განემარტა, რომ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, აქ არ შეიძლება. იმიტომ, რომ ეს არის ჟენევა, ჟენევა ამ საკითხს არ ითვალისწინებს.
არანაირი რუსული პროექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციის დოკუმენტზე, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს.
ეს რომ ასეა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ განცხადებაში, პრესრელიზში, რომელიც უშუალოდ ჟენევის სამმა თანათავმჯდომარემ გააკეთა.
რაუნდი შენარჩუნდა, ფორმატი შენარჩუნდა და ყველა საკითხი, რომელიც უმთავრესი არის ჟენევისთვის, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ძალის არ გამოყენება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყო სრულყოფილად განხილული",-განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ ჟენევის შეხვედრის ერთერთი უმთავრესი თემა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, პუტინი-სარკოზის მიერ 2008 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით, მშვიდობის უზრუნველყოფა იყო.
"სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციებმა ისაუბრეს იმაზე, რომ ნატოს ბოლო სამიტის შემდეგ, საქართველოსთან მიმართებით, აშკარად გაიზარდა აუცილებლობა, რომ დაიდოს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის.
ამ მიმართულებით, ეფექტიან ნაბიჯად, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთგაგებას, ძალის გამოუყენებლობას და უსაფრთხოების გარანტიას მოიცავს თავის თავში",-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.