ირინა იმერლიშვილი: NATO-სთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული!
ეროვნული უშიშროების მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. იმერლიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან საკითხის ამ ფორმით დაყენება მოულოდნელი არ ყოფილა.
"საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობის დაცვის მიზანს ემსახურება" , - განცხადება ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა გააკეთა.
"პირადად ჩვენთვის რუსეთის მხრიდან საკითხის ამ ფორმით დაყენება მოულოდნელი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვიმეორებთ, რომ NATO-სთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, მიმართულია რეგიონის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, მთლიანად რეგიონის და არა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობისაკენ. შესაბამისად, NATO-სთან ჩვენი თანამშრომლობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს არც რუსეთისთვის და არც რეგიონისთვის", - აცხადებს ირინე იმერლიშვილი.