პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ხელშეწყობა პენიტენციური ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ხელშეწყობა პენიტენციური ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

  10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

  "ფსიქიკური აშლილობები მსოფლიო მასშტაბით 450 მილიონ ადამიანს აღენიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, გაცილებით მაღალია ფსიქიკური აშლილობების ტვირთი თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. სხვადასხვა მონაცემებით, პატიმართა ნახევარზე მეტს მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობები აღენიშნება - მათ შორის წამყვან ადგილს იკავებს პერსონოლოგიური აშლილობები, დეპრესია და ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები.

 

  პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ხელშეწყობა 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ამ პერიოდში მოახდინა:

 

  პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება და ფსიქიკური აშლილობების გამოსავლენად პერსონალის ნაწილის გადამზადება;

 

  ფსიქიატრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაწესებულებაში;

 

  სუიციდის პრევენციის პროგრამის ინიცირება ხუთ დაწესებულებაში;

 

  ახალი ფსიქიატრიული განყოფილების გახსნა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისთვის;

 

  ფსიქოტროპული მედიკამენტების ავადმოხმარების და მათზე დამოკიდებულების

წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარება;

 

  დროული რეფერალის ორგანიზება სასამართლო ფსიქიატრიის და სამოქალაქო

ჯანდაცვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან;

 

  "გონივრული დაკავების" კონცეფციის დამუშავება და შესაბამისი პროექტის ინიცირება სასჯელაღსრულების ორ დაწესებულებაში.

 

   მიუხედავად ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავ რჩება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სერიოზულ გამოწვევად. პატიმართა მიერ ჩადენილი თვითდაზიანების და თვითმკვლელობის ფაქტები არის მუდმივი სიგნალი სერვისების და სისტემის შემდგომი განვითარებისა და ადამიანური რესურსების მომზადებისთვის - სამედიცინო, ფსიქოსოციალურ და უსაფრთხოების რგოლებს შორის უფრო დინამიკური და ეფექტური კოორდინაციის მისაღწევად.

 

  2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგმავს ინტერვენციების გაფართოებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის არეალის გაფართოებას ქცევითი ჯანმრთელობის  საკითხების ჩათვლით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: