პაატა ზაქარეიშვილი:დღევანდელი მატჩი ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის ხილული შედეგია!
დღევანდელი მატჩი ქართულ-ოსური დამეგობრების, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხილული შედეგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ხილული შედეგი ქართულ-ოსური დამეგობრების, შერიგების და ნდობის აღდგენის. ცხინვალში მცხოვრებმა თანამემამულეებმა გადაწყვიტეს საქართველოს ჩემპიონატში თამაში. ეს ინსტიტუციონალური ნდობაა უკვე საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი, ბევრი ცხინვალელი მკურნალობს საქართველოში, ჩამოდიან დასასვენებლად, თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჩანს. დღევანდელი თამაში არის აისბერგის ქვემოთ არსებული წარმატებების შედეგი. ვუსურვებ ცხინვალელ ფეხბურთელებს, რომ იასპარეზონ წარმატებულად და გადავიდნენ შემდეგ ლიგებში", - აღნიშნაპაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს პასუხი მავთულხლართებთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველო ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს აძლევს პერსპექტვებს და არა მარტო ფეხბურთში.
"ფეხბურთელების გადმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები, შესაძლოა, შეიქმნას და ამ მიმართულებით რისკები არსებობს. რისკებს თავადაც საზღვრავენ. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს რისკები მინიმამუმდე იყოს დაყვანილი. ცხინვალში მათი ქცევა, შესაძლოა, არ მოეწონოთ, მაგრამ უმრავლესობის განწყობა არის, რომ საქართველოსთან საჭიროა მეგობრობა, ნდობის აღდგენა და ურთიერთობა. სრული იზოლაციაა ცხინვალში, კონტაქტი გარესამყაროსთან არ აქვთ, ერთადერთი საშუალება არის საქართველო. ჩვენი პოზიცია მავთულხლართებზე არის, რომ ჩვენ ვახდენთ ცხინვალში მოქალაქეებისთვის პერსპექტივების შეცვლას და ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.