„გავრისკოთ და წავიდეთ?“
პანკისის ხეობის პრობლემა: რატომ მიდიან ქისტები შორეულ სირიაში საომრად?
დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სალაპარაკო თემას სირიის მოვლენები და მათში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად პანკისის ხეობიდან არიან. სულ ახლახანს პანკისის ხეობაში შეტყობინება მიიღეს, რომ სირიის ქალაქ კობანის შტურმის დროს 22 წლის პანკისელი გურამ გუმაშვილი დაიღუპა“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ირინე ალექსიძე).
„რამდენი პანკისისხეობელი იბრძვის სირიაში ე.წ.„ისლამური სახელმწიფოს“ ჯარების შემადგენლობაში, ზუსტად არავინ იცის. ქართულ პრესაში წერენ, რომ დაახლოებით 50 ქისტი მებრძოლიო, მაგრამ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელი ქალების კონგრესის“ ხელმძღვანელი მექა ხანგოშვილი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა ასზე მეტიცაა. უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ზოგიერთმა ქისტმა მებრძოლმა სირიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ხელმძღვანელ პოსტებზეც არიან წარმოჩენილი, მაგალითად, ომარ ალ-შიშანი, რომელიც, მართალია, „ჩეჩენის“ სახელით კი არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი - თარხან ბათირაშვილი - საქართველოს მოქალაქეა, მამა ქართველი ჰყავს და სოფელ ბირკიანიდანაა. ამას წინათ, როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, ომარ ალ-შიშანი რუსეთს დამუქრებია - მამამისთან სატელეფონო საუბარში უთქვამს, რომ „ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთო“. თუმცა, ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თარხან ბათირაშვილის მუქარები გადაჭარბებულია - საეჭვოა, რომ ომარ ალ-შიშანი თავის დანაპირებს შეასრულებს.
საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია: „ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ პანკისში არსებული ვითარება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქაურები ჯერ ლეგალურად მიდიან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადადიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
მექა ხანგოშვილის მტკიცებით, პანკისელების დიდი ნაწილი ადგილობრივი ახალგაზრდობის შორეულ ომში მონაწილეობის წინააღმდეგია, მაგრამ ვაჰაბიტები მაინც ახერხებენ ზოგიერთი ახალგაზრდის გადაბირებას - ისინი ჯერ თურქეთში ვითომდა სამუშაოდ მიდიან, შემდეგ კი ვაჰაბიტებს სირიაში გადაჰყავთ საომრად.
ექსპერტთა რჩევები საქართველოს ხელისუფლებისადმი ტრადიციულია: პანკისის ხეობაში საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გაძლიერება და ტრადიციული ისლამის მხარდაჭერა. ასევე აუცილებელია რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი ახალგაზრდების შრომითი მოწყობა., რომლის გარეშე „საბრძოლო ემიგრაციის“ რისკი ყოველთვის იარსებებს“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
„ნოვიე იზვესტია“ (რუსეთი), 2014 წელი
http://www.newizv.ru/world/2014-10-14/208949-sem-bed.html