ლია რუსიაშვილი: ვერიდოთ ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს!
ამჯერად, ლიბერალთაგან მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთერთ გავრცელებულ მეთოდზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც გარეგნულად „სიყვარულის“ საბურველითაა შემოსილი, ხოლო, შინაგანად, მიმართულია ადამიანებში ყველაზე ძლიერი შემაკავებლის - ღვთის შიშის მოშლისკენ.
მათი ქადაგების მთავარ ღერძად ამგვარი მტკიცებაა: - „ყველა თანაბარია უფლის თვალში. არა მარტო ბუნებითი რჯულით (ოროენტაციით, მენტალიტეტით, მსოფლმხედველობით) არამედ რელიგიურადაც და რომ ღმერთი ყველას გადაარჩენს თავისი ქმნილებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო“...
საგანგაშო ისაა, რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ეკლესიის შიგნით მებრძოლ ლიბერალების უმეტესობას მიღებული აქვს საღვთისმეტყველო განათლება, რაც, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათ ხელში უაღრესად საშიშ იარაღადაა გამოყენებული, რამეთუ წმინდა მამათა სწავლებების ციტირებას საკუთარი ინტერპრეტაციებით აწვდიან უმეცარ ან ნაკლებად განათლებულ ქრისტიანებს და ფრიად ოსტატურად ხვევენ თავიანთ ბადეში. ასე, მაგალითად, ჩვენი წინაპრების მოკრძალება-მოწიწება ღმრთისდმი და ერთმანეთის შეფხიზლება ცოდვის წინაშე შემდეგი სიტყვებით გამოიხატებოდა: - „ღმერთის გეშინოდეს“!!! მოდერნისტები კი რით ანაცვლებენ ამ ტრადიციულ სწავლებას? - „როგორ შეიძლება ღმერთის გეშინოდეს, ის ხომ ყოვლად კეთილია? ღმერთი სიყვარულია და ქრისტემ შიშით კი არა სიყვარულით ზიდა ჯვარი“... ან - „ქრისტე ტირანი კი არაა, არამედ, ლიბერალია ისიც, მოციქულებიც და საერთოდ, ქრისტეანობაც“...
ალბათ,ამიტომაც, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე დაუფარავად მიიჩნევს ჩვენი მართალი წინაპრების მსოფლმხედველობის თუ ტრადიციების გადაფასების საჭიროებას, რაც, ასე თუ გაგრძელდა, არც მეტი, არც ნაკლები, პირჯვრის გადასახვის უარყოფამდეც კი მიიყვანთ.
არადა, ფაქტია, რომ სწორედ ჩვენმა მართალმა წინაპრებმა იცოდნენ ჭეშმარიტი სიყვარული, რადგან მათთვის ქრისტეანობის გაშინაგანების გამო გახსნილი იყო ის საიდუმლოება, რომელზეც რუსთაველმა ბრძანა: - „შიში შეიქმს სიყვარულსა“..
თეოლოგიაში ჩახედულთათვის ძნელი მისახვედრი არაა რას ემსახურება ზემოთხსენებულ ლიბერალთა მოღვაწეობა - მართლმადიდებლური ცნობიერების ახალი, ფსევდოქრისტეანული და ზოგადსარწმუნოებრივი ცნობიერებით ჩანაცვლებას (ისევე, როგორც იგივე პროცესი ყველა რელიგიებშიც ახდენს განმსხვავებლობის წაშლას) და ერთი რელიგიის და ერთი სახელმწიფოს მმართველის მოყვანის სამზადისს, მმართველისას, რომელსაც წმინდა მამები ერთხმად მოიხსენიებენ „ანტიქრისტედ“.
ამ სამზადისში შეგნებულად და შეუგნებლად ჩართულნი არიან სასულიერო სემინარიაში მოდერნისტულად გამოზრდილი ინტელექტუალური სწავლულები, რომელთა დაუფარავი მიზანია ძველი აღთქმის სამუზეუმო ექსპონატად გამოცხადება იმ არგუმენტით, რომ თურმე, მაცხოვარმა განკაცების შემდეგ მოიტანა ახალი სჯული და რომ მან, მაგალითად, ძველი აღთქმის მცნება:-„კბილი კბილისა წილ“ შეცვალა მცნებით - „თუ მარჯვენაში გაგარტყან, მარცხენა მიუშვირე...“
თუმცაღა, ცხადია, იქვე „ავიწყდებათ“ ის ჭეშმარიტებაც, რომ სინამდვილეში, მაცხოვარს, არამცთუ არ გაუუქმებია ძველი აღთქმისეული მცნებები, არამედ, პირიქით, უფრო გაამკაცრა და ცოდვისადმი ღვთისმოშიშება თვით აზროვნების, ანუ გაფიქრების დონეზე აიყვანა („ამინ გეტყვით თქვენ, ვინც გულისთქმით შეხედოს ქალს, მან უკვე იმრუშა...“)!
ასევე, გავიხსენოთ, ძველ აღთქმასთან დაკავშირებით რას ბრძანებს უფალი:
- „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთ წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგან უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში...»
ამდენად, ლიბერალების დამოკიდებულება ცოდვის მიმართ უნდა შეფასდეს,როგორც უფლის მცნებასთან - („ვინც გულისთქმით შეხედოს ქალს...) დაპირისპირებად, ასევე, მისდამი დამოკიდებული სწავლებების გაუკუღმართებად, რადგან , ფაქტია, რომ ისინი ამკვიდრებენ ცოდვას, როგორც ცხოვრების ბუნებრივ წესს; ფაქტია, რომ გარყვნილების ვნებას არქმევენ სიყვარულს და ამის დასამტკიცებლად ქადაგებენ: - „აი, მაცხოვარმა მიუტევა მეძავს თუ ავაზაკს და ეს ნიშნავს იმას, რომ ის არასდროს არ გასწირავს თავის ქმნილებას და ისევე გადაარჩენს, როგორც ესენი გადაარჩინა, ამიტომ, იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ და აკეთეთ ის, რაც გნებავთ, მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და დანარჩენზე უფალი იზრუნებსო“...
ცხადია, ლიბერალებს აქაც „ავიწყდებათ“ იმის ხაზგასმა,რომ ცოდვის მიტევება სულაც არ ნიშნავს იმ ცოდვაშივე დარჩენით ცხონებას ანუ ცოდვითვე გადარჩენას! როგორც აღვნიშნე, პირიქით - გაფიქრებაც, გულისთქმაც კი პასუხისგებას ექვემდებარება და ძირშივე უნდა იქნეს აღკვეთილი! ცნება კი: -“მიუტევეთ,რათა მოგეტევოთ“- უფალმა ადამიანში სიმდაბლისა და არგანკითხვის აღძვრისთვის დადო, რადგან იმას, რასაც ხედავდა იმ კონკრეტულ მეძავსა და ავაზაკში, (რომ ისინი ცოდვებს მოინანიებდნენ და მას შეუდგებოდნენ), მოკვდავი ადამიანი ვერ დაინახავდა და ამიტომ, ყოველმა კაცმა ვინმეს განსჯა უფალს უნდა მიანდოს და არა - საკუთარ თავს... რაც მთავარია, უფალს რომ არ დაენახა მონანული სულები იმ მეძავსა და ავაზაკში, ცხადია, მათ ისევე არ მიუტევებდა და ისევე მიუვლენდა სასჯელს, როგორც არ მიუტევა და დასაჯა სოდომ-გომორი!
ლიბერალები კი აღშფოთებით გაჰყვირიან:- „რატომ ახსენებთ უფალს, როგორც დამსჯელ, ტირან ძალას? რატომ გსურთ ღმერთი რაც შეიძლება სასტიკად წარმოაჩინოთ? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენისთანებს შიშის გარეშე არ შეუძლიათ მორჩილება? (დააკვირდით, როგორ ჰგავს ეს „ლოგიკა“ სატანისეულ ამბოხებას - მასაც არ ნებავდა „უფლის შიში“ და სწორედ და მხოლოდ ამიტომ იქნა გადმოგდებული ზეციდან...ლ.რ.) უფალი ხიმ სიყვარულია? როგორ შეუძლია მას დასაჯოს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე მოსწონს ცხოვრება და არა ისე, როგორც მისი ბებიები და ბაბუები ცხოვრობდნენ?“
და ამგვარი ბოდიალით მალე, თავად ჯოჯოხეთის უარყოფამდეც კი მივლენ (რაც უკვე მოასწრეს სხვადასხვა მწვალებლურმა განშტოებებმა)...
ამდენად, დასკვნისთვის, ცოდვისადმი შიშის გაქრობით ლიბერალების მიზანია შექმნან „თავისუფალი“, „მოძველებული შეხედულებების“ახლებურად განმააზრებელი „თანამედროვე“ და ყველანაირ სულიერ და ფიზიკურ სიბილწეზე წამსვლელი „ახალი მორწმუნენი“, რომლებიც სრულიად იოლი სამართავნი იქნებიან და ძნელი მისახვედრი არაა, რომ სწორედ მათი მეშვეობით შეძლებენ გადალახონ რელიგიათშორისი განსხვავება და ერთი მსოფლიო რელიგია ჩამოაყალიბონ...
ახლა კი ვნახოთ, ძველი აღთქმის მიხედვით, მართლა მრისხანებს თუ არა უფალი კაცთა მოუნანიებელ ცოდვებზე, ( ახალ აღთქმაშიცაა გადმოცემული მაცხოვრის განრისხება კაცთა კადნიერების გამო - „შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავამეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,“ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!” მათე 21: 12-13))-- რისთვისაც, ისევ და ისევ შეგახსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: - „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი...“
ჰოდა, მოვუსმინოთ სულიწმინდით მოლაპარაკე წინასწარმეტყველებს!
ეზეკიელი 7:8
ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგანთხევ!
ესაია 13:9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.
დანიელი 8:19
და მითხრა: „აჰა, გამცნებ, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება.
მეორე რჯული 31:17
და აღიგზნება რისხვა ჩემი მასზე იმ დღეს, და მივატოვებ, და დავუმალავ მათ ჩემს სახეს, შთაინთქმებიან ისინი და შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს:„იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემში?“
რიცხვნი 32:10-15
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზედა ახეტიალაიგი უდაბნოში ორმოცი წელიწადი, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში.
ფსალმუნები 77:21-22
ამიტომაც, მოისმინა უფალმადა განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და რისხვა ისრაელზე აღზევდა, რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველას არ მიენდნენ.
დასასრულ, ფაქტია, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი სიფხიზლე და წმინდა მამათა მიერ დატოვებულ სწავლებებთან შესატყვისობა გვმართებს, რათა არ გაგვიჭირდეს ცხვრის ქურქში გახვეულ მგელთა გამოცნობა და არ წამოვეგოთ მათ მიერ გადმოგდებულ სულიერად მომაკვდინებელ ანკესს...
ქრისტეა ჩვენს შორის!