ნინო ბურჯანაძე: ვინ მისცა გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება?!
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძეს და მისი პოლიტიკურ ორგანიზაციას - "დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს" ყველა გამოკითხვისა და ბოლო ხანებში გამართული საპრეზიდენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების თანახმად, თავისი პოლიტიკური რეიტინგით მესამე ადგილს აქვს დაკავებული, "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე სულ უფრო აქტიურად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას "ნაცმოძრაობის" "ცრუოპოზიციად" გადაქცევის გამო და კიდევ იმისთვის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო აშშ-ში მცხოვრები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაში მიცემა.
ინტერვიუში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ასეთ მოქმედებაში იგი შეცდომას კი არა, ბოროტ განზრახვას ხედავს (ესაუბრა გიორგი კალატოზიშვილი):
- ქალბატონო ნინო, თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ფარული შეთანხმება ან გარიგება არსებობს?
- ამას ფაქტებიც ადასტურებენ: "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ მისი მთავარი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოფილიყო, მაგრამ ეს მოჩვენებითია, რადგან "ნაცმოძრაობა" ოპოზიცია კი არა, დანაშაულებრივი ორგანიზიციაა. როგორც ჩანს, მისგან "მთავარი ოპოზიციური ძალის" შექმნა დღევანდელი ხელისუფლებისათვის მომგებიანია. ყოველი ობიექტური ადამიანი გეტყვით, რომ "ნაცმოძრაობის" მიერ მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული მეორე ადგილი ბლეფია, აბსოლუტურად არარეალურია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგრამ სწორედ "ქართული ოცნების" არაეფექტური პოლიტიკისა და გარიგების შედეგად შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასეთი "შედეგების" მიღება და პოლიტიკურ არენაზე ტივტივი.
- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების "პოლიტიკურ დევნასთან" დაკავშირებით, ღიად მიანიშნა, რომ მას ექს-პრეზიდენტის შეწყალება შეუძლია. როგორია თქვენი აზრი?
- მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა დაჯდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვის იმისთვის, რაც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. რაც შეეხება მმართველ კოალიციას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნება" ძირითადად იმ ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმით მაინც და მაინც არ დაზარალებულან და თუ დაზარალდნენ, ისინი იმდენად კარგად გრძნობენ თავს ხელისუფლებაში, რომ დაივიწყეს მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ეს მათთვის უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის, ყოველ შემთხვევაში, პირველი რიგის ამოცანად აღარ დგას. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება პრეზიდენტს? ქართველი ხალხი, როცა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად ირჩევდა, მისგან ხომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კლანის დასჯას მოითხოვდა ჩადენილი დანაშაულობების გამო? გაიხსენეთ იგივე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი - იგი ხომ ქართველ ხალხს "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის არსებული დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის დასრულებას პირდებოდა და აცხადებდა, რომ "სამართლიანობა იზეიმებსო"? სადაა დღეს სამართლიანობა? სინამდვილეში კი "სამართლიანობამ იზეიმა" მხოლოდ მათთვის, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა, ისიც არა ყველასათვის - მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა "აღადგინა სამართლიანობა" საკუთარი თავის მიმართ. ისინი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები არიან. ყველა დანარჩენს კი, ვინც ქონება დაკარგა, ვინც უსამართლოდ დაზარალდა, არაფერი მიუღია.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: პარლამენტის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ადამიანები "სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრების" სტატუსით გამოვიდნენ, მაგრამ მათ ნასამართლობის მოხსნა დღემდე ვერ შეძლეს, ანუ ისინი პოლიტპატიმრებად აღიარებულნი არიან, მაგრამ ნასამართლეობას არ უხსნიან. ადამიანის ღირსებისადმი მეტი დაცინვისა და აბსურდის წარმოდგენა შეუძლებელია! მათ ისევ შელახული აქვთ უფლებები და სამსახურში ვერ ეწყობიან. ეს აბსოლუტურად არანორმალურია, მაგრამ იმავდროულად დღევანდელი მმართველობის თვალსაჩინო მაგალითიცაა.
"ვესტნიკ კავკაზა" (რუსეთი), 20 ოქტომბერი, 2014 წელი