როდის დაიწყებს ომს ირაკლი ალასანია რუსეთის წინააღმდეგ?!
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ საქართველოში ნატო-ს საწრთვნელი ბაზები შეიძლება განთავსდეს, საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამ განცხადებამ უფრო მეტად გააღიზიანა ჩვენი ისტორიული მეზობელი - რუსეთიც, რომლის რეაქციამაც არ დააყოვნა და აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოვიდა!
ექსპერტები, ამ ხელშეკრულების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ იგი კიდევ უფრო დაგვაშორებს აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივასთან.
ბევრი იმის გარკვევით იმტვრევს თავს, თუ რატომ გააკეთა ასეთი ხმამაღალი განცხადება თავდაცვის მინისტრმა და რატომ თავიდანვე არ გაითვალისწინა ის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც შეიძლებოდა ამ განცხადებას მოჰყოლოდა?!
დღევანდელი ხელისუფლების აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ალასანია ასეთ სტრატეგიულ (პროვოკაციულ) განცხადებას საქართველოს პირველ პირებთან (დღეს სამწუხაროდ ვერ გაგვირკვევია ვინ არის სახელმწიფოს პირველი პირი, მითუმეტეს, საგარეო ურთიერთობის საკითხებში) დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდა და მან ხელისუფლების პოზიცია დააფიქსირა.
თუმცა, საზოგადოებაში არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო და ამ განცხადებით რუსეთთან არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა!
ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო ირაკლი ალასანიას ახალი განცხადება, რომ „ძალიან მალე დაიწყება ძალიან აგრესიული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“.
ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულიუსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომიდან გამოსულმა გააკეთა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იგულსხმება „აგრესიულ საგარეო-პოლიტიკურ ნაბიჯებში“!
იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, თუ არ ვცდები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონი ლარით იზრდება, არ არის გამორიცხული, ალასანია რუსეთთან ომისთვის „ემზადებოდეს!“
ეს რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, აგრესიული საგარეო პოლიტიკა რომ უპირველესად რუსეთს უკავშირდება, საკამათო არ არის!
საკამათო ისაა, თუ რაში სჭირდება ისედაც დამცრობილ და დასუსტებულ საქართველოს ასეთი პროვოკაციული განცხადებების გაკეთება და რატომ ვაიძულებთ (ყოველ შემთხვევაში მაპროვოცირებელ ელემენტს მაინც შეიცავს თავდაცვის მინისტრის სიტყვები) აგრესორს მიიღოს ადეკვატური ზომები თავის ძალის კიდევ ერთხელ დემონსტრირებისა და თავისი პოზიციების კიდევ ერთხელ გასამყარებლად?!
2008 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს არათუ რუსეთის სამხედრო აგრესიის შეჩერება, უბრალოდ, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის რესურსიც არ გააჩნია!
ცხინვალის მოვლენებმა ისიც დაგვანახა, რომ საქართველო რუსეთის პირისპირ ყოველთვის მარტოდმარტო რჩება და სტრატეგიული პარტნიორების და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა წყალ-წყალა რეზოლუციებს და რუსეთის „დიქტატორად წარმოჩენას“ არ სცილდება! (კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოში ბათუმში ჩამომდგარი ამერიკული სამხედრო კრეისერი, რომელიც იარაღის ნაცვლად „პამპერსებითა“ და წყლით დატვირთული აღმოჩნდა).
აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს „აგრესიული“ პოლიტიკით და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებით დავიბრუნებთ, ფანტაზიის სფეროსაც სცილდება.
მაშინ, რას ნიშნავს „აგრესიული საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა?“ და ვის შევაშინებთ ჩვენი აგრესიული პოლიტიკით?!“
არა მგონია, ასეთი გამაღიზიანებელი რიტორიკით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას შევუწყობთ ხელს - პირიქით, კიდევ უფრო ვაძლევთ შანსს ოკუპანტს ამ პროვოკაციას პროვოკაციითვე უპასუხოს და საქართველოში უკრაინული მაედნის ინსპირირებას შეუწყოს ხელი!..
ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვის ინტერესში შედის ყოველივე ეს, თუმცა, საკითხავია, რატომ აკეთებს ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს მთავრობის წევრი, მითუმეტეს, თავდაცვის მინისტრი?!
ვინც თვალყურს ადევნებს ირაკლი ალსანიას ბოლოდროინდელ განცხადებებს, დამეთანხმება, რომ მისი პოლიტიკური გზავნილები უფრო ოპოზიციაში მყოფი ან ოპოზიციაში გადასახტომად გამზადებული ჩინოვნიკის პოზიციას უფრო ჰგავს!
აქედან გამომდინარე, თანდათან მწიფდება აზრი იმის თაობაზე, რომ ალასანია ახალი პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად კარგახანია ემხადება და საჭირო დროს ეძებს, რომ მისი ნაბიჯი პოლიტიკურად უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს...
ვერ გაიგებ, ვინ ვის საქმეს აკეთებს დღევანდელ მთავრობაში, მაგრამ ალასანია ოკეანისგაღმელთა დავალებებს რომ უფრო კარგად ასრულებს, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის უფლება, მაგრამ, როცა სახელმწიფოში პოლიტიკური თანამდებობა გიკავია, მოჭარბებული ამბიციები განზე უნდა გადადო, ან საერთოდ უნდა გადადგე.
შეიძლება ალასანია მართლაც საკუთარი ინიციატივით წავიდეს მთავრობიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მანამდე ასეთი პროვოკაციული პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მივცეთ.
და ბოლოს: მაინც რატომ იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 600 მილიონით? რუსეთთან საომრად ხომ არ ვემზადებით?! სასაცილოა!..
P.S.ისე, ნამდვილად სჯობს თავი დავანებოთ საზოგადოების უსირცხვილო დაბოლებას და ეს რესურსები განათლების სისტემისა და სხვა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფას მოვახმაროთ!
საბა საბახტარაშვილი