საქართველოს პროკურატურა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  საქართველოს პროკურატურა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


  "ივერიონი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.:

  "დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და  საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით. სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში, კერძოდ:

  2006 წლის 27 იანვარს,  ქ. თბილისში,  კაფე-ბარ ,,შარდენბარში", სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა  სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.


  გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 ამ ფაქტიდან მეორე დღეს,  ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრ ი. მერაბიშვილის ინფორმირება როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, კუდ-ის თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო  დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - ,,შარდენბარში" იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.

  იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.


  გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას  "საიდუმლო"  წერილი ი. მერაბიშვილისადმი,  თავის მხრივ, ი. მერაბიშვილის "საიდუმლო" წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც  2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.


  ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არგათქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება.

  აღნიშნული დანაშაულისთვის, სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.
 
  საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს,  მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.


  ასევე, სასამართლომ ივანე მერაბიშვილის დამნაშავეობის საკითხთან ერთად იმსჯელა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზეც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ვალერიან მეტრეველის და გერონტი ალანიას მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

  შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დავით ახალაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო,  ვამეხი აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი გაიტაცეს და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ, ვალერიან მეტრეველმა და კუდ-ის სხვა თანამშრომლებმა  ისინი უმოწყალოდ სცემეს.

  გერონტი ალანიას და ვალერიან მეტრეველს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, ჯარიმა თითოეულს 2000 ლარი და ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.

  სანდრო გირგვლიანის, ვამეხი აბულაშვილის და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდებზე, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას დამნაშავედ ცნობას, მას შემდეგ რაც განახლდება სასამართლოში მისი საქმის განხილვა.

  რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, ხსენებულ ფაქტებზე მის მიმართ უკვე არსებობს გამატყუნებელი განაჩენი, მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და იგი სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: