ირაკლი ღარიბაშვილი:რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საკითხს ვრცელი ისტორია აქვს, ვინაიდან, სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით მეჩეთი ააშენეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში, ის იყო კულტურის სახლი და დღემდე უსარგებლო შენობა, რომლისთვისაც ყურდაღება არ მიუქცევიათ.
"ადგილობრივმა გამგეობამ გამოცახადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე - მუსლიმები. მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან ერთის მხრივ ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსულმანები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, ყველა ასეთი საკითხი ჯერ უნდა შეისწავლოს რელიგიის საკითხთა სააგენტომ, რომელიც შემდგომში რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა.
"ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან და ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის, სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა იყო მუფთის რეზიდენცია. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია", - აღნიშნა პრემიერმა.