ნანა კაკაბაძე: უმძიმეს დანაშაულზე 7-წლიანი სასჯელი უსამართლოა!
"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გუშინ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ გუშინ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამდგარი განაჩენი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლიანი არ იყო.
"ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეეხო რეჟიმის ხელი და განსაკუთრებით, ახალაიებისა და მათი კლანისა, ბუნებრივია, რომ გაუჩნდა საერიოზული უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ განაჩენმა არამცთუ ვერ ასახა დანაშაულის ის სიმძიმე, რასაც ახალაიები და მისნაირები სჩადიოდნენ 9 წლის განმავლობაში, არამედ ამ ფონზე ის რეალობა, რაც გუშინ დადგა, ცინიკურადაც კი გამოიყურებოდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ახალაიები, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები, გასამართლდნენ იმ ახალი, შედარებით ჰუმანური კანონმდებლობით, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა. მას შეეხო შთანთქმის პრინციპი, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ მუშაობდა და ასევე ის ამნისტია, რომელსაც ამდენს აკრიტიკებდნენ, თუმცა, როდესაც ეს მათ შეეხო, მშვენივრად მოირგეს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ უმძიმესი დანაშაულების ფონზე, მას ასეთი დაბალი, 7-წლიანი სასჯელი მიესაჯა. ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი და ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რადგან ამ ქვეყანაში რეჟიმის შეფასება არ მოხდა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.