რით დასრულდება რუსეთ-საქართველოს რომანი?!

რით დასრულდება რუსეთ-საქართველოს რომანი?!

 "რით დასრულდება "მისტრალის" სახელწოდებით ცნობილი რუსულ-ფრანგული რომანი? ამ საკითხზე მსჯელობს ყოველკვირეულ ჟურნალ "პუენ"-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ ამ კითხვას პასუხს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გასცემდა, როცა შვეულმფრენმზიდი "ვლადივოსტოკი" რუსეთისათვის გადასაცემად მზად იქნებოდა.

გამოცხადებული ვადა ახლოვდება, მაგრამ როგორი პასუხი იქნება საფრანგეთის ხელისუფლებიდან, ამის პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია. რატომ? ჟურნალი "პუენი" მკითხველს "მისტრალთან" დაკავშირებული რუსულ-ფრანგული კონტრაქტის რთულ ისტორიას აცნობს.

  2009 წლის აგვისტოში, როცა რუსეთ-საქართველოს ომიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული, ელისეის სასახლესა და კრემლს (საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეზიდენციებს) შორის მოლაპარაკება დაიწყო ოთხი შვეულმფრემზიდის აგების თაობაზე. კონტრაქტს ხელი ორი წლის შემდეგ მოეწერა, რაც, ჟურნალის აზრით, რეკორდულად მცირე დროა ასეთი დიდი გარიგებისათვის.
  ყველას ახსოვს რუსი ადმირალის ვლადიმერ ვისოცკის გამონათქვამი - "ჩვენ რომ "მისტრალი" გვქონოდა, ასეთი ხომალდით საქართველოზე, ნავლად 26 საათისა, 40 წუთში გავიმარჯვებდითო", მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ კონტრაქტმა საფრანგეთის სამხედრო სპეციალისტებში უკმაყოფილება გამოიწვია: "მე 2009 წლიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ რუსეთისთვის "მისტრალები" მიგვეწოდებინა", - ამბობს სტრატეგიული კვლევების ფონდის მრჩეველი ფრანსუა გეისბური, - რუსეთს ცუსიმის ბრძოლის (იაპონიასთან ომში, 1904 წელს) შემდეგ ასეთი ფართო მოქმედების რადიუსის მქონე ხომალდი არ ჰქონია. ამ შესაძლებლობის მიცემა რუსეთისათვის უგუნურების გამოხატულება იქნება".
  ასეთივე პოზიოცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც - ვაშინგტონმა არაერთხელ მიუთითა საფრანგეთის ხელისუფლებას. "პუენის" ჟურნალისტი ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტს იხსენებს: 2010 წლის თებერვალში პენტაგონის ხელმძღვანელი რობერტ გეიტსი პარიზში ჩავიდა "აზრთა ღრმად გაზიარების" მიზნით. დიპლომატიურ ენაზე ეს "ტყავის გაძრობას" ნიშნავს. მხარეები პოზიციებში მაინც ვერ შეთანხმდნენ, ელისეის სასახლე შეურყეველი იყო. სამ სექტემბერს კი, ნატოს სამიტის წინ, ფრანსუა ოლანდმა  თავდაცვის საბჭოს წევრები მიიწვია, სხდომა ჩაატარა და მიიღო გადაწყვეტილება დააყოვნოს  უკვე აშენებული პირველი "მისტრალის" - "ვლადივოსტოკის" გადაცემა რუსეთისათვის. ჟურნალის აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ნატოს სამიტის წევრების დასაწყნარებლად იქნა მიღებული.
 მომდევნო განცხადებებში ფრანსუა ოლანდი აზუსტებდა, რომ ეს გადაწყვეტილება კონტრაქტის გაუქმებას არ ნიშნავსო. ამჯერად უკვე მას ფრანგი ბიზნესმენების დაწყნარება უწევდა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ამგვარი სიტუაციით. მათი თქმით, "მისტრალზე" უარი ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ დადგება ექვსმილიარდიანი შეკვეთები უცხოური სამხედრო სფეროში - საფრანგეთი პრესტიჟს დაკარგავს".
  "კარგით, რა, რატომ უნდა ვიაროთ ვაშინგტონის კარნახით?, - ამბობს ერთ-ერთი მრეწველი, - ამერიკელები თავიანთ სამხედრო მრეწველობას ისეთ სუბსიდიებს აძლევენ, რომ მათ დამკვეთი იაფად სიხარულით ყიდულობს. იცით რატომ დებენ ჩვენთან კონტრაქტს? იმიტომ რომ ხედავენ - საფრანგეთი სუვერენული ქვეყანაა და ვაშინგტონზე არ არის დამოკიდებული". ამის დამადასტურებლად "პუენს" ასეთი ფაქტი მოჰყავს: 1968 წელს, დე გოლის პრეზიდენტობის დროს, პარიზმა ისრაელს სამხედრო ემბარგო გამოუცხადა და უკვე გამზადებული და ფულგადახდილი 50 ავიაგამანადგურებელი აღარ მისცა და ლიბიას მიყიდა. უკმაყოფილო ისრაელს მას შემდეგ საფრანგეთთან სამხედრო კონტრაქტი აღარ დაუდია.
მსგავსი ისტორია მცირე სახეცვლილებით ახლაც შეიძლება განმეორდეს. პოლონეთი ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს პარიზთან ანტირაკეტული სისტემების შესაძენად, რომლის ღირებულება 4 მილიარდი ევროა. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე "მისტრალის" კონტრაქტი. გარდა ამისა, პოლონეთი აპირებს აგრეთვე სამი ფრანგული წყალქვეშა ნავისა და 70 სატრანსპორტო შვეულმფრენის ყიდვას (2,5 მილიარდი ევრო). საინტერესო ისაა, რომ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა თომაშ სემონიაკმა ამ კონტრაქტების განხორციელება "მისტრალების" რუსეთისადმი გადაცემას დაუკავშირა. მართალია, პოლონელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამაში არავითარი შანტაჟი არ არისო, მაგრამ ეჭვი მაინც რჩება.
  "ვალდივოსტოკის" საკითხზე თვით რუსეთშიც სხვადასხვანაირაი კომენტარი კეთდება. "პუენის" ვერსიით, კონტრაქტზე ხელმოწერაში გარეულია რუსი ოლიგარქი სერგეი პუგაჩოვი, რომელსაც ნიკოლა სარკოზის გარემოცვამ, დახმარების საპასუხოდ, აღუთქვა, რომ მის შვილს გაზეთ "ფრანს-სუარს" მიჰყიდდნენ. მოლაპარაკებაში მონაწილეობდა აგრეთვე ნიკოლა სარკოზის მრჩეველი კლოდ გეანი... იყვნენ აგრეთვე სხვებიც, რომლებმაც ამ გარიგებისთვის ლეგალურად თუ არალეგალურად ხელი მოითბეს და "ეგზოტიკური საკომისიო თანხა" მიიღეს. ჯერ-ჯერობით ეს საიდუმლოა და ბოლომდე გარკვეული არ არის, - წერს "პუენი".
  როგორც რუსულ-ფრანგული სავაჭრო პალატის ანალიტიკური ცენტრის მოსკოვის ოფისის დირექტორი არნო დიუბენი ამბობს, "რუსულ სამხედრო-სამრეწველო წრეებშიც ბევრი უკმაყოფლოა და "მისტრალის" კონტრაქტს ნეგატიურად აფასებს, მასში "არაპატრიოტულ გარიგებას" ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ეს კორუმპირებული თავდაცვის ექს-მინისტრ სერდიუკოვის მემკვიდრეობაა. თუ კონტრაქტი ჩაიშლება, მათ ძალიან გაეხარდებათ, რომ რუსეთს ერთი მილიარდზე მეტი ევრო დაუბრუნდება და ამ ფულს ეროვნულ სამხედრო მრეწველობის განვითარებას მოახმარენ".

 

 

"რადიო ფრანსე ინტერნასიონალე" (საფრანგეთი), 23 ოქტომბერი, 2014 წელი

http://ru.rfi.fr/obshchii/20141023-puen-frantsiya-eshche-ne-reshila-sudbu-mistralei/

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: