„ივერიონი“ TOP.GE-ს პროტესტს უცხადებს ანუ როგორ იყიდება მედია გამოცემების რეიტინგი!
ამ ბოლო ხანებში „ივერიონზე“ თავდასხმები სხვადასხვა ფორმით გრძელდება. თუ ოციოდე დღის წინ განათლების სამინისტრომ ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგის დავით ფერაძის განათლების მინისტრისადმი მიძღნილი ღია (კრიტიკული) მიმართვის გამო „ივერიონი“ მთელ სისტემაში დაბლოკა, ამჯერად სხვა ინტრიგების მსხვერპლნი გავხდით - ჩვენი ერთგული მკითხველები ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი სტატიის გახსნა უჭირთ, ან საერთოდ ვერ შედიან ვებ-გვერდზე.
ცხადია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სააგენტოს მზარდი რეიტინგი დავარდეს!
აღნიშნულის გადამოწმების მიზნით ჩვენ მივმართეთ „Caucasus“-ს და „ProService“-ს, საიდანაც დაგვამშვიდეს, რომ მათთან „ყველაფერი რიგზეა“, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რაღაც „პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი სხვადასხვა პროვაიდერების მხრიდან“ (ეს განცხადება „ProService“-მა გააკეთა). „Caucasus“-ი კი იფიცება, რომ მათთან „ივერიონს“ არანაირი პრობლემა არა აქვს...
ვიდრე ამ პრობლემას ვარკავევდით, უცებ ახალი თავსატეხი გაგვიჩნდა: ახლა უკვე საქმე რეიტინგების სისტემას - TOP.GE-ს ეხება. ჩვენი დაკვირვებით, TOP.GE-ზე ხელოვნურად ხდება უნიკალურ შემომსვლელთა შემცირება. ასე მაგალითად: შაბათს 25 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 8:30სთ-ზე „ივერიონზე“ უნიკალური შემომსვლელი იყო 198 (ისიც საკითხავია, რატომ ასე ცოტა!), ხოლო 10:50 სთ-ზე 156. ნიშანდობლივია ისიც , რომ ჩვენივე დაკვირვებით, იმავე დღეს, იმავე პერიოდში მთელი ნახევარი საათი „ივერიონი“ საერთოდ „გამქრალი“ იყო TOP.GE-ს სისტემიდან (ვებ-გვერდიდან TOP.GE საერთოდ გაქრა). ასევე მეორე დღეს, ანუ, 26 ოქტომბერს თვალის დახამხამებაში (სულ ერთ წამში) „ივერიონის“ რეიტინგმა 22 ადგილით დაიწია!..
ნიშანდობლივია ისიც, რომ დღითიდღე კლებულობს მკითხველთა რაოდენობა იმ აქტუალურ თემებზე, რომელზეც ინტერესი ძალიან დიდია საზოგადოებაში. არადა, „ივერიონი“ ყოველთვის ცდილობს ასეთი დაბალანსებული, ობიექტურობასთან შეზავებული სტატიებით მიიპყროს მკითხველის ყურადღება და გამორჩეული ადგილი დაიკავოს ქართულ მედია-სივრცეში.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ხშირად გვსმენია TOP.GE-ს მაქინაციებზე, ანუ, იმაზე, თუ როგორ ყიდულობენ ესა თუ ის ინტერნეტ-გამოცემები ხმებს და როგორ იმკვიდრებენ ადგილს წინა პლანზე TOP.GE-ს რეიტინგულ სისტემაში. სახელდება კონკრეტული ციფრებიც, თუ რა ჯდება მაგალითად 1000 მკითხველის „შემოყვანა“ საიტზე და როგორ „იმყარებენ“ პოზიციებს საქართველოში არსებული ინტერნეტ გამოცემები (ცხადია, ეს ყველას არ ეხება)!
ჩვენ არ გვიცდია და არც მომავალში ვაპირებთ შევიდეთ ვინმესთან ასეთ ბინძურ გარიგებაში, რომ ჩვენი სააგენტოს რეიტინგი ხელოვნურად ავამაღლოთ, მაგრამ არავის მივცემთ იმის უფლებას, ჩვენი ვებ-გვერდის პარალიზება მოახდინოს.
გადაწყვეტილი გვაქვს ოპერატიულად მოვიწვიოთ გამოცდილი პროგრამისტები და IT სპეციალისტები, რომ ბოლომდე დავადგინოთ, ვინ ცდილობს ხელოვნურად დააგდოს „ივერიონის“ რეიტინგი, ხოლო მიზეზების გარკვევის შემთხვევაში ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართოთ სასამართლოს!
ბოდიშს ვუხდით ჩვენს ერთგულ მკითხველს იმ ხარვეზების გამო, რასაც ისინი აწყდებიან „ივერიონთან“ მიმართებაში.
არ გამოვრიცხავთ, გარდა TOP.GE-სა, მაქინაციები სხვა პროვაიდერებიდანაც მოდიოდეს. „ივერიონი“ გამოკვლევის შედეგებს საჯაროდ დააფიქსირებს!