ირაკლი ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობაში 800 მილიონის ინვესტირება განხორციელდა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუისის მოსახლეობას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა, საქართველოში ერთ წელიწადში 82 ამბულატორია გაკეთდა, სოფლის ექიმების ხელფასებმა კი 30%-ით მოიმატა.
"360 მილიონი გადაიხადა სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტში. ჩვენ ეს 300 მილიონი დავხარჯეთ ხალხისთვის, სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად. 107 მილიონი ლარის სასუქი დავარიგეთ მოსახლეობაში, 48 მილიონის შხამ-ქიმიკატები, 54 მილიონის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და 490 მილიონი ლარის კრედიტი გაიცა, რომლის პროცენტებსაც ჩვენ ვუხდით მოსახლეობას და ორი წლის განმავლობაში 21 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ კრედიტით. ჯამში 800 მილიონის ინვესტირება განხორციელდა სოფლის მეურნეობაში. ეს თითქოს არაფერია და ამაზე არავინ საუბრობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპონენტებს არ ინტერესებთ, ის რაც ხდება ხალხისთვის, მაგრამ ეს თითოეულ ოჯახზე აისახება", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.