მერაბ შათირიშვილი: დამნაშავე „ნაციონალები“ არ უნდა ბედავდნენ მიტინგის გამართვას იქ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლით მოირწყო რუსთაველის გამზირი

მერაბ შათირიშვილი: დამნაშავე „ნაციონალები“ არ უნდა ბედავდნენ მიტინგის გამართვას იქ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლით მოირწყო რუსთაველის გამზირი

15 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე და პოლიტიკურ არეულობაზე „ივერიონს“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშილი.

საქართველოს პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს 2008 წლის ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკულად დატრიალებული საომარი ბატალიები და ნათელი გახდება ნაცმოძრაობის სატანური ავანტიურიზმი, დამარცხებულ და ტერიტორიებჩამოხლეჩილ ქვეყანას „გამარჯვებულთა" ტაშ-ფანდური რომ შესთავაზა, კოდორის ხეობა და ახალგორი, სამაჩაბლოს მნიშვნელოვანი ნაწილი და უამრავი ქართველი მეომარი ვაჟკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქის უცოდველი სიცოცხლე შეიწირა;

ახლა ურცხვი ნაპრეზიდენტალი იმას გაიძახის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეო, გმირი ვარო, კურდღელი იკვეხნის!..

ჩვენ, ქართველი ხალხი, თავის სიმაღლეზე რომ ვიდგეთ და ღირსებას ვიცავდეთ, როგორ უნდა ბედავდეს სახელმწიფო დამნაშავეები 15 ნოემბერს მიტინგის გამართვას იქ, სადაც 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლით მორწყო რუსთველის გამზირი?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მსოფლიოში გაუგონარი „ხავერდოვანი დემოკრატიის" პოზიორობითა და კეკლუცობით ბედავენ იმას, რასაც სისხლიანი ნაცები ბედავენ და მთელი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება თავისი გაუმართლებელი კოაბიტაციისა და „ლოიალობისთვის!"

2008 წლის სამხედრო დანაშაულებრივ ქმედებებზე საჯაროდ ისაუბრა უკვე იმჟამინდელმა გენერალმა ყურაშვილმა და ის, რაც საგაზეთო ინტერვიუში „ყველა სიახლეში"აღიარა, ზღვაში წვეთია!.. სავარაუდოდ, პროკურატურაში გენერალი ყურაშვილი ყველაფერს ახდის ფარდას და სიმართლეც ბოლომდე გაირკვევა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" მოუწოდებს ქართველ მოსახლეობას და განსაკუთრებით თბილისელებს, იმ წყეულ მიტინგზე, სადაც ნაცებთან ერთად მათი სატელიტი, შუბლში ძარღვგაწყვეტილი „პარტიუშკებიც" აპირებენ მისვლას, ვითომდა თავგამოდებული პროევროპელები არიან და რუსეთი საშინლად ეზიზღებათ (დარწმუნებული იყავით, რომ რამე იყოს, ვერავინ მიასწრებთ კრემლთან!) სინამდვილეში, როგორც პილიტიკურად, ასევე მოქალაქეობრივადაც გაკოტრებულნი არიან და ასეთ სამარცხვინო ადამიანებთან მისვლა და გვერდში დგომა არამც და არამც არ იკადროთ!..

უღირსობა ღირსებამ უნდა დაამარცხოს!


თუ არსებული ხელისუფლება მართლაც ვერ ალაგმავს შიდა მტრების პარპაშსა და რევანშისტულ ზრახვებს, მაშინ პირდაპირ ვაცხადებ: არანაირი იმედი გქონდეთ, მზაკვრული გეგმის მესვეურო, ნაციონალებო და ძმანნო მათნო, მერწმუნეთ, როგორც იმსახურებთ, ქართველი ხალხი ისე გაგისწორდებათ!.. - ამბობს „ივერიონთან“ საუიბარში საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი მოძრაობისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი
 
-ბატონო მერაბ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაა. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად გამზადებულმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს!.. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ არეულობის თავიდან ასაცილებლად და როგორი იქნება თქვენი კომენტარი ამ საკთხთან დაკავშირებით?

-,,ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურა ყოველთვის იქნება მოსალოდნელი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, რადგანაც არსებულმა ხელისუფლებამ დროულად არ შეაფასა და კანონიერი დინება არ მისცა სათანადო „ნაცმოძრაობის“ სახელმწიფო დანაშაულს, რომელიც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში და რომელმაც ტრაგიგული წანამძღვრები დატოვა საქართველოს სინამდვილეში...

სააკაშვილმა, როგორც ის ბედავს, სახელმწიფოებრიობა კი არ გადაარჩინა, მან ჩამოშალა სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ნაწილი - ტერიტორიები დაკარგა, რომელთა დამოუკიდებლობაც გამოცხადდა და ახლა ის და მისი გუნდი ისევ განაგრძობენ, მთლიანად მოუღონ ბოლო ქართულ სახელმწიფოებრიობას და, როგორ გგონიათ, ამაზე არსებული ხელისუფლება არ არის პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, არის!..

წარმოიდგინეთ, ევროსაბჭოს კომისრის, ტალიავინის, დასკვნა არის საკმარისი, რომ „ქართული ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაეწყო 2008 წელს განხორციელებული ავანტიურისტული სამხედრო და სახელმწიფო დანაშაულის მართებული შეფასება და დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა.

თუმცა, აქ არსებობს არასახელმწიფოებრივი მიდგომა და შიში - პრორუსულობა არ დაგვწამონ ევროპელებმაო, რაც აბსურდია და უნიათო მიდგომაზე მეტყველებს.

ტალიავინი რა, რუსია, ან რუსეთის ინტერესებს იცავდა? მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, ომში წაგებული ქვეყნის ხელისუფლებას პასუხი არ ეგოს: დამარცხდი, უნდა ზღო, ასეთია სახელმწიფოთა არსებობის დაუწერელი კანონი.


ფაშიზმი დამარცხდა, ჰიტლერმა თავი მოიკლა. საქართველომ რა, 2008 წლის აგვისტოში გაიმარჯვა?.. ან მიშა თავის მომკვლელია? პირიქით, გაიძახის, გავიმარჯვეო, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეო... ამას ჰქვია: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

„ნაციონალური“ ხელისუფლების მთელი სიმკაცრით დაუსჯელობა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების გამო, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და მფარველობის ტოლფასი დანაშაული არსებული ხელისუფლების მხრიდან.

ამიტომ, ვიდრე ჯერ მთლად გვიანი არ არის, 15 ნოემბრამდე უნდა თქვას საქართველოს პროკურატურამ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში და სასწრაფოდ უნდა შეფასდეს ეს საომარი ბატალიები საზოგადოების გასაგონად და გასანალიზებლად!

                                                          ესაუბრა ია ჯღარკავა


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: