რიჩარდ ნორლანდი: აშშ-ს ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი სრული ნდობა აქვს!
ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოსადმი, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატო-ს ფარგლებში თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. განცხადება ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, თავდაცვის სამინისტოს მაღალჩინოსნების დაკავების თემის კომენტირებისას გააკეთა.
"ვიცი, რომ მთელი რიგი კითხვები გაჩნდა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამავე დროს ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოსადმი, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატო-ს ფარგლებში თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. აშშ-ს აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება წარიმართება და იქნება თანამშრომლობა გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით წარმოიშვება ბრალდება, აუცილებელია გამოძიების სრულფასოვნად წარმართვა. ჩვენ მივესალმებით ასეთ გამოძიებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოძიება წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.