მაღალჩინოსანთა დაკავების პროცესი დაიწყო?!

მაღალჩინოსანთა დაკავების პროცესი დაიწყო?!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია. ყოფილი მინისტრი წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

 

გამთენიისას კი გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავაც დააპატიმრეს.

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატი  დავით დეკანოიძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საუბარი იყო თანამშომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე და ამ მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე. დავით დეკანოიძე აცხადებს, რომ ბრალდებების ჩამონათვალი ყოვლად უსაფუძვლოა. 

 

ბაჩო ახალაიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. დეკანოიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ახალაიას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.

 

რაც შეეხებათ გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალი გიორგი კალანდაძესა და  მასთან ერთად დაკავებულ შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში. 

გიორგი კალანდაძე, მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს.

 

 არაოფიციალური ინფორმაციით, კალანდაძისა და შამათავას დაკავება ბაჩო ახალიას მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე მოხდა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: