მანანა ნაჭყებია:-"პოლიტიკური კრიზისის ნიშნები აშკარად სახეზეა"

მანანა ნაჭყებია:-"პოლიტიკური კრიზისის ნიშნები აშკარად სახეზეა"

   პრემიერ მინიტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინიტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავიუსლებულია, თანამდებობა დატოვა ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

   ამ თემაზე  ივერიონს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ესაუბრა.

   -"რაც ხდება ლოგიკური გაგრძელებაა და ალბათ ლოგიკურ დასასრულსაც ვნახავთ ორი წლის წინ განვითარებული მოვლენებისა, როცა ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გაერთიანდა ერთი ადამიანის ავტორიტეტის გარშემო. მაშინათვე ცხადი იყო, რომ სწორედ ამ ერთი ადამიანის სიმპატია-ანტიპატიაზე და გუნება-განწყობაზე, რაც მთავარია მის რეალურ ჩანაფიქრზე იქნებოდა დამოკიდებული კოალიციის მომავალი. უფრო სწორად, ცხადი იყო, რომ ასეთ კოალიციებს მომავალი არ აქვთ. გამოძიების მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ იმდენი დამთხვევაა, რომ გაფიქრებინებს ალასანიას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის პოლიტიკურ სარჩულზე. ერთი წლის წინ მოწამლული ჯარისკაცების მაინცდამაინც ახლა გახსენება და გამოძიების ახლა დასრულება ეჭვს ბადებს და საზოგადოებაც დაუფარავად საუბრობს ამ ეჭვზე. ფაქტი ერთია: ამ ქვეყანაში,  სამწუხაროდ, გამოძიების ორგანოები კვლავ გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც შეეხება დარტყმას დასავლურ კურსზე, მართლაც სერიოზული საფუძველი არსებობს, რომ ეს ამბები სწორედ  ამ ჭრილში განვიხილოთ. ხელისუფლების ჩამოუყალიბებელი საგარეო კურსი, საეჭვო დუმილი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მცოცავ ანექსიას, გაუგებარი ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები მტერ ქვეყანასთან ერთად, შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კერძოდ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ბოლოდროინდელი შეტევა მედიაზე, სახელმწიფოს მართვის კულუარული სტილი  - ეს ჩამონათვალი საკმარისია იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ დღევანდელი ხელისუფლების გამოკვეთილ დასავლურ კურსში და ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიაც და დასავლური კურსიც მართლაც საფრთხეშია".

   -თქვენ სოლიდარობა გამოუცხადეთ ალასანიას, რაც მამუკა კაციტაძემ გააჟღერა, ახლახანს ვესტი.რუ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია მზადაა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლოს. როგორ ფიქრობთ, გადადგამს კი ალასანია ამ ნაბიჯს და დააყენებს კი თავის რეიტინგს საფრთხის ქვეშ?

   -ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ალასანიამ განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს პროდასავლურ ძალებთან და არა მგონია ამაში მაინცდამაინც "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა ეგულისხმა. დავიცადოთ. კოალიციაში მოვლენების განვითარება ჯერ, მე მგონი, წინ არის და ალასანიას დასავლეთზე ორიენტირებული პარტიების მოძიება არ გაუჭირდება. ფაქტი ერთია: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა რამდენიმე გამოკვეთილად პროდასავლური პარტია ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდა, დასავლური ფრონტი ქვეყანაში შესუსტდა. იმედი მაქვს, მართლაც მოხდება ჯანსაღი პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია.

   -ე.ი. შესაძლებელია ახალი კოალიცია ან ალიანსი ვიხილოთ და ხომ არ მიყავს ამ ყველაფერს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე?

   -ვადამდელი არჩევნები კარგი გამოსავალი იქნება. პოლიტიკური კრიზისის ნიშნები აშკარად სახეზეა. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, რაც შეეხება ახალ კოალიციებს, ძალთა გადაჯგუფება აუცილებლად მოხდება. მთავარია ამჯერად მაინც იყოს ეს ჯანსაღი, იდეოლოგიაზე, პოლიტიკური კურსის ერთიანობაზე  დაფუძნებული ერთობა და არა ისეთი მოჩვენებითი ერთობა, როგორიც "ქართულ ოცნებაში" იყო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: