საქართველოს მთავრობა პარტიებად დაიშალა, ქვეყანაში სახელმწიფო კრიზისი მწიფდება
"საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადადგომამ მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვია. ეს კიდევ არაფერი - მინისტრის გადადგომას ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და "ქართული ოცნების" დამაარსებელს ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის საჯარო გაწყვეტა მოჰყვა: პრეზიდენტმა მილიარდერი კულისებსმიღმა წარმოებულ თამაშებში დაადანაშაულა. "თავისუფალი დემოკრატების" კვალს გაჰყვა რესპუბლიკური პარტიაც, რომელმაც, ფაქტიურად, კოალიცია დატოვა, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - გიორგი დვალი).
"ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს", - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა. მართალია, პრეზიდენტ გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ თბილისში ყველას მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართული ოცნების" დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნა: "რასაკვირველია, მას მხედველობაში ივანიშვილი ჰყავდა, რადგან ოლიგარქის გავლენა მთავრობაზე ძლიერია", - განაცხადა ალექსანდრე რონდელმა, სტარეტეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის დირექტორმა "კომერსანტთან" საუბარში. შეფასებებში კიდევ უფრო შორს მიდის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი: ჩვენტან უკვე სახელმწიფო კრიზისის ყველა ნიშანია... საქართველოს მთავრობას დღეს უკვე რუსი ოლიგარქი მართავს და თუ ასე გაგრძელდება, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება".
გუშინ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა, მაგრამ მის დაწყებისთანავე "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეხვედრა დატოვეს: "საუბარი არ გამოგვივიდა, ჩვენ ერთმანეთს ცივილიზებულად დავშორდით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "როსტომ მეფის სასახლიდან" გამოსვლის შემდეგ (ასე უწოდებენ ბიძინა ივანიშვილის სახლს, რომელშიც კოალიციის შტაბ-ბინაცაა განლაგებული). მოგვიანებით რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ მათი ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" მხოლოდ თემატურად ითანამშრომლებს - კონკრეტულ საკითხებზე". თავისი არსით, ასეთი განცხადებაც ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს, თუმცა უფრო რბილი ფორმით გამოხატულს.
კოალიციის დაშლა იმას მოასწავებს, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო უმცირესობად გადაიქცევა: "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკელები 150-კაციან პარლამენტში 22 ადგილს აკონტროლებენ", - ამბობს "კომერსანტთან" საუბარში "მესამე დასის" ლიდერი ჯონდი ბარათურია, - თუ მთავრობას მტკიცე უმრავლესობა არ ეყოლება, ის არაქმედითუნარიანი ხდება".
ამასობაში თვით მთავრობაშიც შიდა კრიზისი ღრმავდება: "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მისი თანაგუნდელებიც მიჰყვნენ და თანამდებობები დატოვეს - ალასანიას ცოლისდა მაია ფანჯიკიძე და ახლო მეგობარი ალექსი პეტრიაშვილი შეურაცხყოფილნი არიან თავიანთი ნათესავისა და მეგობრის გათავისუფლებით. მათთან ერთად თანამდებობებიდან გადადგა საქართველოს რამდენიმე ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში.
მიუხედავად მომხდარი ამბებისა, ირაკლი ღარიბაშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს: "დასანანია, რომ ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ოჯახური კავშირები არჩია", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ ახალი მინისტრები უახლოეს ხანში დაინიშნებიან და "ისინი ღირსეული ადამიანები იქნებიან".
"კომერსანტი" (რუსეთი), 6 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2604013?isSearch=True