დავით უსუფაშვილი: შეიძლებოდა პოლიტიკური კატაკლიზმები არ მომხდარიყო!

დავით უსუფაშვილი: შეიძლებოდა პოლიტიკური კატაკლიზმები არ მომხდარიყო!

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლასა და მინისტრების გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო, ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე წარმართულიყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ჭეშმარიტება დადგენილიყო

 

      " საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ის, რომ ჩვენმა კოლეგებმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადაწყვიტეს უმრავლესობიდან გასვლა"- აცხადებს უსუფაშვილი.


   "მე მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობდნენ; რომლებმაც ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში, სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა, გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია "ქართულ ოცნებას", საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას აღარ მოუწევს საქმიანობა. ჩვენ ამ მინისტრებთან ერთად დავამტკიცეთ მთავრობა და გვქონდა მათი იმედი. ჩვენ გვინდოდა, რომ მათ ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის
  ამასობაში შეგახსენებთ, რომ მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და როგორც ზოგადად პოლიტიკოსებს, ასევე მინისტრებს, გვიწევს ხოლმე პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. თუმცა, ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო.
  შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ისე, რომ მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა ძირითადი მონაწილე, ნებსით თუ უნებლიეთ, ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ.
  საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია ის, რომ ჩვენმა კოლეგებმა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადაწყვიტეს უმრავლესობიდან გასვლა. მე მინდა, "თავისუფალ დემოკრატებს", მის თითოეულ წევრს, მოვახსენო მადლობა იმისთვის, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით.  დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის კედლებში ძალიან ბევრ საკითხზე და ბევრ თემაზე, იმ პირობებშიც, როცა ისინი უმრავლესობის წევრები აღარ იქნებიან, ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ამას მე პირადადაც ხაზს ვუსვამ, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და ჩვენს თანამოაზრეებს, ლიბერალებს "თავისუფალი დემოკრატებიდან", ვთავაზობ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ პარლამენტის კედლებშიც და სხვაგანაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ერთად მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: