დავით უსუფაშვილი: სამართალდამცავი სტრუქტურა პოლიტიკური გავლენისგან დაცული უნდა იყოს!
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, სამართალდამცავი სტრუქტურა პოლიტიკური გავლენისგან დაცული უნდა იყოს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო და ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
"გამოიკვეთა ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზეც კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ. საქმე ეხება სამართალდამცავი სისტემის, კერძოდ, პროკურატურის უკეთ დაცვას პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან.
ამ მიმართულებით, ძალიან მალე გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მის მინისტრს, კონკრეტულად იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, ვის უშუალო უწყებრივ დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს პროკურატურა, მიეცეს სათანადო სამართლებრივი ბერკეტები იმისათვის, რომ მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს არ უწევდეთ პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან რაიმე პოზიციების დაფიქსირება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასარგებლო არც მართლმსაჯულებისთვის და არც პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ სამართალდამცავი სისტემა, მათ შორის პროკურატურა, იყოს დაცული პოლიტიკური გავლენებისგან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.