დავით უსუფაშვილი: შეთანხმებების გზით სიარული ყოველთვის სასურველი მექანიზმი იყო!

დავით უსუფაშვილი: შეთანხმებების გზით სიარული ყოველთვის სასურველი მექანიზმი იყო!

  "პარლამენტში "რესპუბლიკელები" გადადიან თემატურ თანამშრომლობაზე" - "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ეს განცხადება დღეს დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა.

  "ჩვენ თემატურ თანამშრომლობაში ვგულისხმობთ იმას, რომ თუ რამე თემაზე ვერ ვთანხმდებით, მაშინ ამაზე ჩვენც და ნებისმიერ სხვა ფრაქციას, უმრავლესობის თუ პარლამენტის წევრს აქვს უფლება, თავისუფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს საჯაროდ. მისცეს ხმა, ან არ მისცეს ხმა კონკრეტულ კანონპროექტს თუ იყო მსჯელობა, განხილვა საკითხზე და ვერ შევთანხმდით.

  ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით კოალიციური ურთიერთობებისთვის იმიტომ, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი პრიცნიპები და პოზიციები, რომელთა დათმობაც გვიწევს ხანდახან, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ დათმობა არა სრული. ეს არის ყველა პარტიის პრიორიტეტი, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას როგორც პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის როგორც "რესპუბლიკელები", ამიტომ, ამაში იგულისხმება სწორედ ეს, რომ თუ კონკრეტულ საკითხზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მაშინ შეიძლება ამ საკითხზე "რესპუბლიკურმა პარტიამ" განსხვავებული პოზიცია დაიჭიროს, ისევე როგორც, სხვა პარტიამ სხვა საკითხში. რაზეც შევთანხმდებით და რაზეც იქნება კონსესუსი, რა თქმა, უნდა ჩვენ ბოლომდე ვიქნებით იმ შეთანხმების ერთგული.

  კოალიციის შიგნით შეთანხმებების გზით სიარული, ეს იყო ყოველთვის სასურველი მექანიზმი და დღევანდელ რეალობაში ეს მექანიზმი კიდევ უფრო დაიხვეწება. ჩვენ "რესპუბლიკელებმა" კოალიციის პარტნიორებს მივმართეთ ვრცელი დოკუმენტით, ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ ყურადღებით გავეცნოთ ამ დოკუმენტს, აქ საუბარი შეეხება ქვეყნის განვითარების მიმართულებებს და პრიორიტეტებს. ისევე როგორც ყველგან, პოლიტიკაშიც არის კარგად განსასაზღვრი პრიორიტეტები. იმ რესურსებით რაც გვაქვს, პირველ რიგში რას ვაგვარებთ. ამაზე გვექნება მსჯელობა და ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: