"ამ ტიპის განცხადებები ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ამით ირაკლი ალასანიას დააკლებს რამეს"
-"მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილი და განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები თავად ღარიბაშვილის იმიჯისთვის არის საზიანო.
-"მას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს ასეთი ტიპის განცხადებები, რადგან რეალობა ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის, ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც კარგად იცის და საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ამიტომ, თუკი მას ჰყავს ისეთი მრჩევლები, ვინც მას რჩევებს აძლევს, რომ ასეთი ფორმულირებებით ილაპარაკოს, ძალიან ცუდია. თუმცა, მე ვურჩევდი, თუ მიიღებს - არ მიიღებს, ეს მისი საქმეა, ამ ტიპის განცხადებები ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ამით ირაკლი ალასანიას დააკლებს რამეს".
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა და აღნიშნა-"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები, მათთვის არც ქვეყნის ღალატი და "საბოტაჟნიკობა" შემიმჩნევია, აი პირიქით კი, რამდენიც გინდაც - ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია".