პავლე კუბლაშვილი ივანიშვილს და ალასანიას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

პავლე კუბლაშვილი ივანიშვილს და ალასანიას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებას პრემიერ-მინისტრის და თავდაცვის მინისტრის დაკვეთილი პოლიტიკური დევნა უწოდა. 

 

ამის შესახებ განცხადება კუბლაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ისმოდა ბრალდებები ყოფილი ხელისუფლების  და განსაკუთრებით ბაჩო ახალაიას  მისამართით.  პროკურატურამ  ერთი დღის ვადაში ,,შეკერა" კონკრეტული საქმე და  თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ბრიგადის ხელმძღვანელი ,,სასაცილო ბრალდებით" დააკავა.

 

,,ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ალასანიას დავალებით შესრულებული კონკრეტული პოლიტიკური ანგარიშსწორება. როგორც ჩანს, ბატონმა ალასანიამ ვერც არჩევნების შედეგები  გადაიტანა და ვერც ის, რომ გენერალური შტაბის უფროსს თვითონ ვერ დანიშნავს. ცალსახად ვაცხადებ, რომ თავდაცვის მინისტრი ალასანია ვერც მომავალში   დანიშნავს გენერალური შტაბის უფროსს, იმიტომ, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ვერც ამ ტიპის ხრიკებით ფონს ვერ გავა. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური დევნა,"- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

 მისივე თქმით, არ ღირს ამ საქმის იურიდიულ მხარეზე საუბარი, რადგან მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: